ბეჟანიშვილის გუნდის ხმამაღალი განცხადება - ილინოისმა ერთ-ერთი ფავორიტი დაამარცხა
გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და „მარტის სიგიჟის“ ერთ-ერთი ფავორიტი, „მიჩიგან ვულვერინსი“ სტუმრად დაამარცხა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქე, რომელიც Associated Press-ის რეიტინგის მიხედვით, NCAA-ში სიძლიერით მეორეა, 76-53 გაანადგურა.
ბეჟანიშვილს პროდუქტიული მატჩი ჰქონდა და პარკეტზე 15 წუთი გაატარა. გიორგიმ, როგორც შეტევაში ისე, დაცვაში კარგად ითამაშა და 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გაიფორმა. ბეჟანიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ორივე მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, „მიჩიგანი“ იმავე კონფერენციაში ასპარეზობს, რომელშიც „ილინოისი“ და აქამდე გამართულ 19 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი ჰქონდა. ბეჟანიშვილსა და კომპანიას რაც შეეხებათ, „ილინოისმა“ მიმდინარე სეზოში მე-19 გამარჯვება მოიპოვა.
„ფაითინგ ილინი“ Associated Press-ის რეიტინგში მე-4 ნომრადაა განთესილი და „მარტის სიგიჟის“ მოგების კარგი შანსი აქვს. „ილინოისს“ მომდევნო შეხვედრა 7 მარტს ელის და ასევე საკმაოდ ძლიერ „ოჰაოი სტეიტს“ დაუპირისპირდება.