„როცა იღბალი შენკენ არაა, აგებ“ | მონტელამ თურქეთის თამაში შეაფასა
თურქეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ცუდად დაიწყო. ვინჩენცო მონტელას გუნდი ავსტრალიას დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად, 0:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
„მატჩი ტაქტიკურად ისე არ წარიმართა, როგორც ველოდით. ვიცოდით, რომ ისინი დაცვით თამაშს აირჩევდნენ და კონტრშეტევებს დაელოდებოდნენ, რომლებიც გამოიყენეს კიდეც. ორი გოლი გავუშვით და ძალიან გულდაწყვეტილები ვართ.
მოედანზე გუნდური სული გამოვავლინეთ, მაქსიმუმი გავიღეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, სასურველი შედეგებიც გვექნება. მომდევნო მატჩში უკეთ ვითამაშებთ. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნებოდა.
30 დარტყმა გვქონდა, მაგრამ როცა იღბალი შენს მხარეს არ არის, აგებ. ძალიან ახლოს ვიყავით გოლთან, თუმცა მათი დაცვის გატეხვა ვერ შევძელით. მათი ფეხბურთელები ძალიან მაღლები არიან, ასეთ მეტოქესთან თამაში მარტივი არ არის. ავსტრალიას ვულოცავ, მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ არ ვნებდებით, შანსი კიდევ გვაქვს.
არ ღირს მაშინვე კრიტიკა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლს ვერ ვიტანთ... მოდით, ნუ გავაკეთებთ ამას. კონტრშეტევები არ უნდა მიგვეღო. კარში დარტყმები გვქონდა, ეს ფეხბურთია... თუ ბურთი არ შედის, ესე იგი არაფერი გამოდის... 30 დარტყმა გვქონდა! ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიდეთ“.
ცნობისთვის, თურქეთის მომდევნო მეტოქე პარაგვაია, რომელსაც 20 ივნისს დაუპირისპირდება. ამ ჯგუფში კიდევ ავსტრალია და აშშ არიან.