მიგრანტთა ბანაკი ტანზანიაში და საოცნებო გოლი მუნდიალზე - ირანკუნდას ზღაპრული ისტორია
თურქეთის ნაკრების კარში გატანილი გოლით ნესტორი ირანკუნდამ ავსტრალიური ფეხბურთის ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა, მაგრამ ამ წარმატებამდე მისი განვლილი გზა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.
ირანკუნდა 2006 წელს ტანზანიაში, მიგრანტთა ბანაკში დაიბადა - მისი მშობლები ბურუნდიდან იყვნენ და სამშობლო სამოქალაქო ომის გამო დატოვეს. რამდენიმე თვეში, ირანკუნდა მშობლებთან, ორ ძმასთან და ხუთ დასთან ერთად ავსტრალიაში, ჯერ ქალაქ პერტში, შემდეგ კი ადელაიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად.
„ადელაიდა იუნაიტედში“ 16 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით 18 წლის ნესტორიმ მიუნხენის „ბაიერნის“ ყურადღება მიიპყრო - „რეკორდმაისტერმა“ მასში ავსტრალიურ კლუბს 3 მილიონი ევრო გადაუხადა.
ვენსან კომპანიმ ირანკუნდა ორჯერ შეიყვანა განაცხადში, თუმცა ოფიციალურ მატჩებში ნესტორის „ბაიერნის“ მაისურით არ უთამაშია, 2025 წლის იანვარში კი ის შვეიცარიულ „გრასჰოპერსში“ გაანათხოვრეს. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ირანკუნდა არჩევანის წინაშე დადგა - მუნდიალამდე ერთი წელი რჩებოდა, მას კი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
„ბაიერნის“ დატოვება და „უოტფორდში“ გადასვლა რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრებში თამაშია, ამიტომ სათამაშო დრო მჭირდებოდა“, - იხსენებს ირანკუნდა ტრანსფერს გერმანიიდან ინგლისში.
ჩემპიონშიფში მან 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი მიითვალა და ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა, დღეს კი მუნდიალებზე ავსტრალიელებს შორის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
უგურჩან ჩაქირის კარში გატანილი გოლი ირანკუნდამ კუთხურის ალამთან, ტიმ კეჰილის სტილში აღნიშნა - „ტიმი ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი კერპია. ის და ლიონელ მესი. ჩემი აზრით, კეჰილი ყველა დროის საუკეთესო ავსტრალიელი ფეხბურთელია“.

„ავსტრალიას რომ ჩვენი ოჯახისთვის თავშესაფარზე უარი ეთქვა, არ ვიცი, ახლა სად ვიქნებოდით. ვფიქრობ, ავსტრალიის ნაკრებს მეტოქეები სათანადოდ არ აფასებენ, სანამ უშუალოდ მოედანზე არ შეგვხვდებიან. ამიტომ, ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ, ჩვენ კი მათ საპირისპიროს დავუმტკიცებთ“.