Aa Aa
22 თებერვალი 2021  |  10:00

დონჩიჩს გაუთანაბრდა და მხოლოდ რობერტსონს ჩამორჩება - იანგის მორიგი მიღწევა

„ატლანტა ჰოუქსის“ გამთამაშებელს, ტრეი იანგს გამორჩეული საღამო ჰქონდა. ჯორჯიელთა უკანახაზელმა „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩი 35 ქულით, 15 შედეგიანი გადაცემითა და 6 მოხსნით დაასრულა.

იანგი NBA-ის ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 22 წლის ან უფრო ახალგაზრდულ ასაკში სულ მცირე 30 ქულა და 15 ასისტი 5-ჯერ მიითვალა. ტრეი „დალას მავერიქსის“ ლიდერს, ლუკა დონჩიჩს გაუთანაბრდა და მხოლოდ ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს ჩამორჩება. „ბიგ ოუმ“ ეს 8-ჯერ გააკეთა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3-ქულიანი სროლის შემოღების შემდეგ „ატლანტას“ კალათბურთელებმა ერთ შეხვედრაში მინიმუმ 35 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა 4-ჯერ დააგროვეს და ოთხივე შემთხვევაში, ამ მიღწევის ავტორი ტრეი იანგი გახლდათ.

„ატლანტამ“ „დენვერს“ 123-115 სძლია და იანგის გარდა კლინტ კაპელა გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და 22 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა მიითვალა. ჯონ კოლინსმა 12 ქულას 11 მოხსნა წაუმატა, გალინარი და სნელი კი 12-12 ქულას დასჯერდნენ.

„ნაგეთსს“ 30 ქულით ჯამალ მიურეიმ ულიდერა. ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე მხოლოდ 15 ქულა და 10 მოხსნა იყო. ფაკუნდო კამპაცომ კი თავი 16 ქულას მოუყარა.

„ატლანტამ“ მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს. „დენვერმა“ კი მე-14-ედ წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-7-ეა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში