შენგელიამ 18 ქულით თავის გუნდს ულიდერა - ცსკა ზედიზედ მეორედ დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიამ 18 ქულით თავის გუნდს ულიდერა - ცსკა ზედიზედ მეორედ დამარცხდა

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის 21-ე ტურში შესანიშნავ ფორმაში მყოფ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 38-38 დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი უპირატესობა „არმიელებმა“ მოიპოვეს.

ცსკა-მ მესამე მეოთხედი 3 ქულით მოიგო, მაგრამ გადამწყვეტი ათწუთეული ცუდად ჩაატარა, მეტოქეს 26 ქულა ჩააგდებინა, თავად მხოლოდ 17 ქულას დასჯერდა და შეხვედრა 83-89 დათმო.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 42 წამი გაატარა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

თოკომ 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მას 6 დაკარგვაც ჰქონდა, თუმცა მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს მაინც უწია, რაც ცსკა-ს რიგებში მილუტინოვის შემდეგ საუკეთესო შედეგი იყო.

ცნობისთვის, „არმიელებმა“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმეს, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე იმყოფებიან. მოსკოველებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მომდევნო მატჩი 27 იანვარს, „ალბას“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები