მორიგი მარცხი - ბასილაშვილმა სეტი ამჯერადაც ვერ მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სვლის შეწყვეტა ვერ მოახერხა და კიდევ ერთხელ დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პარიზის მასტერსზე იასპარეზა და პირველ წრეში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის ბარიერი ვერ გადალახა.
ნიკამ მატჩი კარგად დაიწყო და 2:1-ზე ბრეიკი შეასრულა, თავისი ჩაწოდებაც მოიგო და ანგარიში 4:1 გახადა, თუმცა შტრუფმა სეტში გარდატეხის შეტანა მოახერხა და ზედიზედ მოგებული 5 გეიმის წყალობით პირველ პარტიაში 6:4 იმარჯვა.
მეორე სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. 1:1-ზე კი ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება კიდევ ერთხელ დათმო და შტრუფმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. გერმანელმა 3:1-ზე მორიგი ბრეიკი შეასრულა და მეორე სეტში 6:2 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი საშინელ ფორმაში იმყოფება და მიჯრით 10 შეხვედრა აქვს წაგებული. თანაც ისე, რომ სეტიც არ მოუგია. ნიკას კატასტროფული სერია საერთაშორისო პრემიერ ლიგის ეგიდით მიშა ზვერევის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაიწყო.