დღე, როცა დერიკ როუზის გამო 21 919-მა ადამიანმა უფასო ბიგ მაკი ვერ მიიღო
Aa
Aa

დღე, როცა დერიკ როუზის გამო 21 919-მა ადამიანმა უფასო ბიგ მაკი ვერ მიიღო

2012 წლის 28 თებერვალი ის დღეა, როცა „ჩიკაგო ბულსის“ საშინაო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრები დერიკ როუზს უსტვენდნენ. სამაგიეროდ, მაკდონალდსის წარმომადგენლებს მის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ.

იმ საღამოს, „დიროუზის“ გამო 21 919-მა ადამიანმა უფასო ბიგ მაკი ვერ მიიღო. სწრაფი კვების ქსელს მაშინ ასეთი აქცია ჰქონდა - თუ „იუნაიტედ ცენტრში“ გამართულ მატჩებში „ჩიკაგო“ მინიმუმ 100 ქულას ჩააგდებდა, მაკდონალდსი ტრიბუნებზე მყოფ ყველა ქომაგს უფასო ბიგ მაკს გადასცემდა.

„ბულსი“ მაშინ „ჰორნეთსს“ ეთამაშებოდა და თამაშის დასრულებამდე 4.5 წამით ადრე 99-95-ს იგებდა. ამ დროს როუზზე დაჯარიმდნენ და დერიკს გულშემატკივრების გახარების საშუალება მიეცა. „ხარების“ გამთამაშებელმა 2 საჯარიმო სროლის განხორციელების უფლება მიიღო და ქომაგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბიგ მაკები მათი იყო. მათ ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ. დერიკი ბრწყინვალედ ასპარეზობდა და საფინალო სირენამდე 19.4 წამით ადრე, უმნიშვნელოვანესი 2-ქულიანი გაიფორმა, 10 წამით ადრე ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა და მატჩში 9-დან 9 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული...

ჩიკაგოელთა გამთამაშებელი საჯარიმო ხაზზე დადგა და პირველი ტყორცნა გააცუდა. გულშემატკივრები ანერვიულდნენ, თუმცა თავიანთი კუმირის მაინც სჯეროდათ. როუზმა მეორე სროლაც გააფუჭა და უეცრად მაყურებლებმა, რომლებიც MVP, MVP, MVP-ს სკანდირებდნენ, სტვენა დაიწყეს. მომდევნო შეტევაში „ჰორნეთსმა“ 3-ქულიანი ვერ გამოიყენა და მატჩი 99-95 დასრულდა. ქომაგები კი ბიგ მაკების გარეშე დარჩნენ და საკუთარ ემოციებს აქტიურად გამოხატავდნენ...

შეხვედრის შემდეგ, „დიროუზმა“ განაცხადა, რომ მისი დახმარებით მაკდონალდსმა დიდი თანხა დაზოგა და ბედნიერნი ისინი მაინც უნდა ყოფილიყვნენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები