Aa
Aa

ხაბიბი: „საკმარისი გავაკეთე, რათა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ვითვლებოდე"

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც ახლახან კარიერა დაასრულა, სამშობლოში დაბრუნდა. „არწივმა“ UFC-დან წასვლის შემდეგ ჟურნალისტებს პირველი ინტერვიუ მისცა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, დეინა უაითს უნდოდა, რომ ჩხუბი გამეგრძელებინა და ორგანიზაციისთვის ფინანსური სარგებელი მომეტანა. ჩემთვის ფულის გამომუშავება პრობლემას არ წარმოადგენდა. კარიერის პიკში ვიმყოფები და ბრძოლების სანაცვლოდ დიდი ჰონორარის მიღება შემეძლო, თუმცა ეს გადაწყვეტილება მივიღე და ვთვლი, რომ ამისთვის საუკეთესო დრო იყო.

ყველას არ შეუძლია ხელთათმანები ლურსმანზე კარიერის პიკში ჩამოკიდოს, მაგრამ ვიცი, რომ ერთი, ორი ან ხუთი წლის შემდეგ, ისევ ამ გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდებოდი. მგონია, რომ ამ სპორტში საკმარისი გავაკეთე, რათა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ვითვლებოდე. დღეს ე.წ Pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილზე ვიყავი და მისია შესრულებულია. რაღა დარჩა? კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? ფული ვიშოვო? ამას ყოველთვის მოვახერხებ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, რომ დავისვენო და შექმნილი მდგომარეობა გავაანალიზო“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები