Aa
Aa

„ჰოლთან ბრძოლა ბოლო იქნება" - სილვა კარიერას ასრულებს

UFC-ის ლეგენდა ანდერსონ სილვა აქტიური სპორტული კარიერის დასრულებას აპირებს და საამისოდ თარიღიც გამოაცხადა.

45 წლის ბრაზილიელის განცხადებით, დიდი სპორტიდან 31 ოქტომბერს გასამართი ურია ჰოლთან ბრძოლის შემდეგ წავა. დაპირისპირებას ლას ვეგასი უმასპინძლებს.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნება. სპორტი ძალიან მიყვარს და თავს ამ გადაწყვეტილებისთვის ფსიქოლოგიურად ვამზადებდი. მზად ვარ იმისთვისაც, რომ მთელი დარჩენილი წლები ცხოვრებისეული ბრძოლა გავაგრძელო, მაგრამ UFC-ის ეგიდით ნამდვილად ბოლოჯერ ვიჩხუბებ“.

სილვამ შერეულ ორთაბრძოლებში ძალები პირველად 1997 წელს გამოსცადა, UFC-ის კი 2006 წლიდან შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ იგი საშუალო წონითი კატეგორიის საჩემპიონო წოდებას 7 წლის განმავლობაში ფლობდა, რაც ყველა დროის რეკორდია.

მიმდინარე წლის დასაწყისში კონორ მაკგრეგორმა ანდერსონ სილვას MMA-ის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი უწოდა. ბრაზილიელს პროფესიონალურ კარიერაში გამართული 45 ბრძოლიდან 34 თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები