ნადირობა მბაპეზე - ბრძოლაში ბარსელონაც ჩაერთო
Aa
Aa

ნადირობა მბაპეზე - ბრძოლაში ბარსელონაც ჩაერთო

როგორც ცნობილია, კილიან მბაპემ პსჟ-ს 150 მილიონ ევროზე და 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა და კლუბს აცნობა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს.

მბაპეს პარიზელებთან არსებული კონტრაქტი 2022 წლის ივნისში უსრულდება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პსჟ-ს ამჟამინდელი სეზონის ბოლოს მისი ობიექტურ ფასად გაყიდვა მოუწევს. ნასერ ალ ხელაიფის ამჯერად ფასის ხელოვნურად გაბერვა არ გამოუვა, რადგან ფეხბურთელს შეეძლება გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს და შემდეგ ისინი უფასოდ დატოვოს, რაც ბუნებრივია არავის გეგმებში არ შედის.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროგრანადები მბაპესთვის ნადირობას იწყებენ. ერთ-ერთმა პირველმა ხმა „ლივერპულმა“ ამოიღო. მბაპეს თამაშით იურგენ კლოპია მოხიბლული და „მერსისაიდელთა“ მიმართ გულგრილი არც ფეხბურთელია, თუმცა აქ 2 ფაქტორია გასათვალისწინებელი: პირველი - მბაპეს თამაში უფრო მეტად ლა ლიგაში სურს. მეორე - „ლივერპული“ ისტორიულად ტრანსფერებში ამხელა თანხას როგორც წესი არ და ვერ იხდის ხოლმე და ნაკლებად სავარაუდოდა „წითლებმა“ ესპანურ გრანდებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

თუ, კლოპი მანე-ფირმინო-სალაჰიდან რომელიმეს გაყიდის, უკვე ამის შემდეგ, მათ თანხაც და მიზეზიც ექნებათ, რომ მბაპესთვის ბრძოლაში ჩაებან, მაგრამ აქამდე ჯერ ძალიან შორსაა.

კილიანის ხელში ჩასაგდებად მთავარი ფავორიტი მადრიდის „რეალია“, რომელმაც მიმდინარე სეზონის წინ არცერთი ტრანსფერი არ განახორციელა და მთელი რესურსი 2021 წელს მბაპესთვის გადადო.

ესპანური AS-ის ცნობით, მბაპეს ტრანსფერს პირადად ფლორენტინო პერესი უხელმძღვანელებს და ეს მისი მთავარი ამოცანა იქნება.

წყარო ასევე წერს, რომ მბაპეს შეძენით „ბარსელონაც“ ინტერესდება. კერძოდ, კატალონიურ კლუბში მარტში არჩევნებია ჩანიშნული, რომელშიც კენჭს ვიქტორ ფონტი იყრის, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და კილიანის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

AS-ის ცნობით, ბოლო ვინც მბაპეს თაობაზე მის მშობლებსა და წარმომადგენლებს დაუკავშირდა სწორედ ვიქტორ ფონტი იყო და მან უკვე იცის, რას ფიქრობენ ისინი და რა სურთ.

ფონტს უნდა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე კაშკაშა და მიმზიდველი იყოს. როგორც ჩანს, იგი ქომაგების დიდი დაპირებებით მოხიბლვას ცდილობს. რამდენად გამოუვა ეს სხვა საქმეა.

ცნობილია, რომ მბაპე ბავშვობიდან „რეალის“ ქომაგია, თუმცა არავინ იცის რას ფიქრობს იგი ამჟამად და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სეზონის ბოლოს. 21 წლის ფეხბურთელი ბოლო დროს კლუბების მიმართ კონკრეტული განცხადებებისგან თავს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები