დასანანი ფრე ექსპერიმენტული შემადგენლობით - ჯგუფში გალიდერება არ გამოვიდა
Aa
Aa

დასანანი ფრე ექსპერიმენტული შემადგენლობით - ჯგუფში გალიდერება არ გამოვიდა

დასრულდა "ერთა ლიგის" მორიგი შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის. სამწუხაროდ ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვება ვერ მოიპოვა და ჯგუფში გალიდერების შანსიც ხელიდან გაუშვა. ვაისმა მინდორზე გადახალისებული შემადგენლობა გამოუშვა.

სომხებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ბაირამიანმა მეექვსე წუთზე საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში ჩვენი ნაკრები 10 კაცით იმყოფებოდა. ლევან შენგელიამ ერთ-ერთ ეპიზოდში თავზე დაზიანება მიიღო და მკურნალობის პროცესს გადიოდა.

ამის შემდეგ ქართველები ძალიან გააქტიურდნენ. 22-ე წუთზე ვალერი ყაზაიშვილმა შორეული გასროლით ბურთი ძელს მოარტყა. ამ მომენტიდან სამ წუთში გვილიას შეეძლო იურჩენკოს კარის აღება, თუმცა დარტყმული მიზანს ასცდა. ნიკა კაჭარავას ორი ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ სომეხთა მეკარემ ურთულესი დარტყმების გაუვნებელყოფა შეძლო.

პირველ ნახევარში ქართველებმა აქცენტი ბურთის ფლობაზე და აგრესიულ შეტევაზე გააკეთეს. ნომინალურად მასპინძლებმა კი საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგეს. ხსენებული მომენტების გარდა პირველ ტაიმში საინტერესო მეტი არაფერი მომხდარა.

მეორე ნაწილი ვაისის შეგირდებმა უფრო აგრესიულად დაიწყეს და 46-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა. ნიკამ ლევან შენგელიას პასი გამოიყენა.

გაშვებული გოლის შემდეგ სომხები შეტევაზე გადავიდნენ და გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათი თავდამსხმელის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს.

55-ე წუთზე მაკარიძემ ნაკრები გადაარჩინა და შესანიშნავი ბურთი მოიგერია. მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, ვლადიმირ ვაისმა ვაკო გვილიას ნაცვლად თორნიკე ოქრიაშვილი შემოიყვანა და თამაში გააძლიერა. თორნიკეს გამოსვლიდან რამდენიმე წამში ჩვენს ნაკრებს ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარში არ შევიდა. 

ამის შემდეგ ქართველებმა ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს და სომხები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს. აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავას წინააღმდეგ კაპაროსის ფეხბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ.

ვაისმა ცვლილება გამოიცნო. 74-ე წუთზე ოქრიაშვილმა საქართველო წინ გაიყვანა. გრიგორიანმა მოედნის ცენტრში შეცდომა დაუშვა, რითიც ქართველებმა უმალ ისარგებლეს.

ჩვენი ფეხბურთელების შესაქებად იმის თქმა შეგვიძლია, რომ მეორე გატანილი გოლის შემდეგ არ მოდუნდნენ და შეტევაში თამაში გააგრძელეს. დროის გასვლასთან ერთად სომხები გააქტიურდნენ და შეხვედრის 88-ე წუთზე მათი ერთ-ერთი შეტევის დროს, კარში დარტყმული ბურთი, დაუშვილს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მხითარიანმა გოლად აქცია.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ნორმალურად ითამაშა, შექმნა არაერთი მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა. მომავალ შეხვედრას ვაისის გაწვრთნილი შეგირდები 14 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები