ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელები - თორნიკე შენგელია ათეულშია
Aa
Aa

ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელები - თორნიკე შენგელია ათეულშია

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა, Eurohoops-მა ევროლიგის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო კალაბურთელები დაასახელა. ტოპ 10-ში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოხვდა და მე-7 ადგილი დაიკავა.

თორნიკე შენგელია

პოზიცია: მძიმე ფორვარდი

სიმაღლე: 2.06 მეტრი

2019-20 წლების სეზონის სტატისტიკა: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა, 2.9 ასისტი და 1 ჩაჭრა ევროლიგის ეგიდით გამართულ 28 შეხვედრაში პარკეტზე საშუალოდ გატარებულ 30:24 წუთში.

„თორნიკე შენგელიაზე უდიდესი ავანსებია გაცემული. ცსკა-მ, რომელიც შენგელიას თვალს გასული ზაფხულიდან ადევნებდა, თოკო იდეალურ დროს გადაიბირა. ქართველმა ვარსკვლავმა ევროლიგაში კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ბასკონიას ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვებაშიც დაეხმარა. მაღალი მიზნების მქონე გუნდში გადასვლა ლოგიკური ნაბიჯი იყო კალათბურთელის მხრიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ევროლიგის უდავოდ საუკეთესო მძიმე ფორვარდია. შენგელიას გადმოყვანა, რომელიც გუნდს მასიურ და მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს, ნიშნავს იმას, რომ ცსკა-ს ერთადერთი მიზანი აქვს - ჩემპიონობის მოპოვება“ - წერს Eurohoops.

შენგელიას გარდა საუკეთესო ათეულში მოხვდნენ: შეინ ლარკინი - პირველი ადგილი, ნიკოლა მიროტიჩი - მეორე ადგილი, მაიკ ჯეიმსი - მესამე ადგილი, ფაკუნდო კამპაცო - მეოთხე ადგილი, ვასილიე მიჩიჩი - მეხუთე ადგილი, ნანდო დე კოლო - მეექვსე ადგილი, ალექსეი შვედი - მერვე ადგილი, ნიკ კალატესი - მეცხრე ადგილი და სკოტი ვილბეკინი - მეათე ადგილი.

ცნობისთვის, Eurohoops-მა საუკეთესო მოთამაშეები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: 1) კალათბურთელის შესაძლებლობები და 2020-21 წლების სეზონში მისი პერსპექტივა პლუს ამას მისი როლი გუნდში და სათამაშო დრო. 2) კლუბის სიძლიერე, რომელშიც თამაშობს. 3) გამოცდილება ევროლიგაში და ევროპულ კალათბურთში. 4) სტატისტიკა. როგორ იასპარეზა 2019-20 წლების სეზონში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები