Aa
Aa

მაიამიმ ბოსტონი დაამარცხა და გადამწყვეტ სერიაში ლეიკერსს დაუპირისპირდება

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსს“ საჩემპიონო ბეჭდებისთვის „მაიამი ჰიტი“ შეერკინება. ერიკ სპოელსტრას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში „ბოსტონი“ 125-113 დაამარცხა და ლებრონ ჯეიმსსა და კომპანიას დაუპირისპირდება.

„სელტიქსისა“ და „ჰიტის“ ჯახის საწყისი სამი მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა და კომფორტული უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ახერხებდა. „ბოსტონმა“ მეოთხე თორმეთწუთეულის სტარტზე გაქცევა მოაწყო და 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში „მაიამი“ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა. ფლორიდელებმა ბოლო 9 წუთი 35-17 მოიგეს და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ.

მეოთხე მეოთხედში „მაიამის“ გაქცევის სულისჩამდგმელები ბემ ადებაიო და ტაილერ ჰირო იყვნენ. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ თორმეთწუთეულში 11 ქულა ჩააგდო, მატჩი კი 19 ქულით, 5 მოხსნითა და 7 ასისტით დაასრულა. ადებაიოს რაც შეეხება, მან 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა და ლებრონ ჯეიმსის შემდეგ „მაიამის“ პირველი კალათბურთელია, ვინც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ადებაიოსა და ჰიროს 22 ქულითა და 8 ასისტით ჯიმი ბატლერი დაეხმარა. ანდრე იგუდალამ 5-დან 5 ბურთი ჩააგდო და 15 ქულას დასჯერდა, ხოლო დანკან რობინსონი და გორან დრაგიჩი 15 და 13 ქულით გამოირჩნენ.

„ბოსტონის“ რიგებში 20-ქულიანი ნიშნული 4-მა კალათბურთელმა გადალახა. 26 ქულით საუჯეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო. ჯეისონ ტეიტუმმა 24 ქულა, 11 ასისტი და 7 მოხსნა გააკეთა. მარკუს სმარტმა თავი 20 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა. კემბა უოკერი კი 20 ქულასა და 5 ასისტს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსისა“ და „მაიამის“ პირველი შეხვედრა 1-ელ ოქტომბერს, თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები