''არწივები გვყავს, მაგრამ ფეხბურთში ინდაურებს ვხედავ'' - ძოძუაშვილი დინამოს მარცხზე
Aa
Aa

''არწივები გვყავს, მაგრამ ფეხბურთში ინდაურებს ვხედავ'' - ძოძუაშვილი დინამოს მარცხზე

თბილისის ''დინამოს'' ექს-ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ეთერში თბილისის ''დინამოს'' უმძიმესი მარცხის შესახებ ისაუბრა. 75 წლის სპეციალისტის თქმით რომან ფიფიამ თბილისის ''დინამოს'' ვეტერან და ლეგენდარულ ფეხბურთელებს უნდა მოუსმინოს, რადგან ფიფიას უკან დასახევი გზა არ აქვს.

რევაზ ძოძუაშვილი: ''ეს არის მოყვარულთა ფეხბურთი. 3 გოლი შეაგდო პიროვნებამ, რომელიც მწყემსია. ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავს, მაგრამ დღეს ფეხბურთის ირგვლივ ინდაურები უფრო მეტნი არიან. თუ ფეხბურთის სიბრძნის კანონებს არ გავყვებით, უფრო უარესი დაგვემართება.

ფეოლას ჰკითხეს თამაშებს როგორ იგებთო. მისი პასუხი მარტივი იყო, რომ ყველაზე მეტს ვვარჯიშობთო. მარტივი პასუხია, თუმცა დიდი სიბრძნე დევს.

ესპანურმა გუნდმა თავისი სახე გვაჩვენა, ''ბაიერნმა'' თავისი სახე გვაჩვენა და ასევე თბილისის ''დინამომაც'' აჩვენა თავისი სახე. ეს არის რეალობა.

როცა პრეზიდენტი ხარ, უნდა გყავდეს ისეთი მწვრთნელთა შტაბი, რომ გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშოს. შესაძლოა ძლიერ გუნდთან დამარცხდე, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლოვანებები კარგად ჩანს და ეს სამუშაო პროცესია.

თბილისის ''დინამოში'' შევქმნიდი მწვრთნელთა შტაბს, რომლებიც ლეგენდები არიან: ჩივაძე, სულაქველიძე, მანუჩარ მაჩაიძე, სიჭინავა, სხვები და მათ შორის მეც, რევაზ ძოძუაშვილი. არ უნდა დავსხდეთ მეგობრულად, უნდა დავსხდეთ და პროფესიონალურად ვიმსჯელოთ.

''დინამოს'' უკან დასახევი გზა არ აქვს. ამიტომ უნდა დაგვიჯერონ და მოგვისმინონ. შეგვიძლია ''დინამოს'' უანგაროდ გვერდით დავუდგეთ''.

შეგახსენებთ, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების მოქმედმა ჩემპიონმა ''კლაკსვიკმა'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ''დინამო'' 6:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა დენი პავლოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგეს. მის გარდა თბილისური კლუბის კარში გოლები პატრიკ იოჰანესენმა და იონ იოჰანესენმა გაიტანეს, ხოლო პალ კლეტსკარდმა ჰეთ-თრიკი 13-წუთიან მონაკვეთში შეასრულა. ერთადერთი საპასუხო გოლი ბრაზილიელი ფეხბურთელის, პერნამბუკოს ანგარიშზეა, რომელმაც 71-ე წუთზე თავი გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახდა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები