იმედგაცრუებული ქეცბაია სიგარით - ოქრის სიმულაცია და მძიმე მარცხი ბაზელში
Aa
Aa

იმედგაცრუებული ქეცბაია სიგარით - ოქრის სიმულაცია და მძიმე მარცხი ბაზელში

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიულმა ''ბაზელმა'' თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისი'' 3:2 დაამარცხა. კვიპროსული გუნდის სასტარტოში 4 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა: მეკარე გიორგი ლორია, საყრდენი ბუბა დაუშვილი, შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი და ''გენტიდან'' იჯარით დამატებული ფორვარდი გიორგი ქვილითაია.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-3 წუთზე სილვან ვიდმერმა გაუტანა ლორიას. გამოცდილ ქართველ მეკარეს გოლი არ უნდა გაეშვა, ბურთი კარის ცენტრისკენ წავიდა და ლორია აშკარად შეცდა.

ლორიას შეცდომა და პირველი გოლი ''ანორთოსისის'' კარში


მეორე გოლში ლორიას ბრალეულობა მიზერულია, ბურთი მაღალ კუთხეში წავიდა, ხოლო მესამე გოლისას ლორიამ და მისმა სომეხმა თანაგუნდელმა ოგანეს ამბარცუმიანმა შეუთანხმებლად ითამაშეს, ამბარცუმიანი შეცდა და ლორიას მოგერიების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

ქეცბაიას გუნდმა გოლები მე-3, მე-12 და 21-ე წუთებზე გაუშვა. აღნიშნულმა 18-წუთიანმა მონაკვეთმა ქეცბაიას გუნდი ურთულეს ვითარებაში ჩააგდო. 45-ე წუთზე დაუშვილის ჩაწოდების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა ბურთისთის ბრძოლა მოიგეს და ხორვატმა ბრანკო ვრგოჩმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში შეამცირა.

50-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა არბიტრმა სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა მოედანი დატოვა.

10-კაციანმა ''ანორთოსისმა'' სხვაობა 67-ე წუთზე შეამცირა. ამბარცუმიანმა შეცდომ გამოასწორა და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ შეაგდო. ეს მისი მეორე მატჩი და პირველი გოლია კვიპროსული გუნდის რიგებში. ''ბაზელთან'' მატჩამდე ქვილითაიამ ''აპოლონთან'' ითამაშა, სადაც ქეცბაიას გუნდმა ასევე 3 გოლი გაუშვა და ცხადია კვიპროსული მედია ქეცბაიას გუნდის დაცვით ხაზს აკრიტიკებს.

ოქრიაშვილის გაძევება და ქვილითაიას სადებიუტო გოლი


ქვილითაიას გოლის შემდეგ ''ანორთოსისს'' რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. ''ანორთოსისი'' ევროპა ლიგას დაემშვიდობა.

ევროპა ლიგის მატჩების შემდეგ კვიპროსულ სპორტულ მედიაში ყველაზე პოპულარული ფოტო თემურ ქეცბაიასია. ''ნიუკასლის'' ექს-ფორვარდი თანაშემწე სოსო ჭედიასთან ერთ-ერთ კაფეში ზის და სიგარას ეწევა. ფოტო Instagram-ის Story-ზე ქეცბაიას მეუღლემ განათავსა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები