Aa
Aa

"ვინმეს კოპირებას არ ვაპირებ, მე საკუთარი ხედვა მაქვს", - პირლოს პირველი გამოჩენა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია ა-ს 2020-2021 წლების სეზონი საკუთარ კედლებში „სამპდორიასთან“ გამარჯვებით (3:0) დაიწყო.

მატჩის შემდეგ, ანდრეა პირლომ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მისი ხედვა აქვს და სხვისი სტილის კოპირებას არ აპირებს.

„ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი ეს რასაც ნიშნავს. ყოველთვის უნდა იცოდე, თუ რას ფიქრობენ მოთამაშეები და რა სურთ მათ.

ჩემი იდეების სრულად რეალიზებისთვის ბუნებრივია დრო გვჭირდება. არ მსურს, რომ ვინმეს იდეების კოპირება მოვახდინო, მე საკუთარი ხედვა მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, იმ გუნდებიდან, რომლებიც ჩემ შთაგონების წყაროს წარმოადგენენ რამეს ავიღებ.

მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, რადგან სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ. ასევე ფეხბურთელებს სანაკრებო მატჩებმაც მოუსწრო. მიუხედავად ყველაფრისა სტარტი წარმატებული გამოგვივიდა“.

პირლოს გუნდმა 5-3-2 სქემით ითამაშა, რასაც ბევრი არ ელოდა, თუმცა ჯერ „იუვენტუსის“ სათამაშო სქემაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გუნდი სრული შემადგენლობით არ იმყოფება. გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ დე ლიხტს, დიბალსა და არტურს.

პირლომ თავისი სქემის შესახებაც ისაუბრა და ის ასე ახსნა:

"ჩვენ 4 ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს, რომლებიც ჩემი აზრით 2 ნახევარმცველიან ტაქტიკაში ყველაზე კარგად გამოიყურებიან. სწორედ ამიტომ გამოვიყენე ეს სქემა. თავს 4 მცველით ვიცავდით, შემდეგ კი შეტევაში მეტნი ვიყავით ვიდრე სამს პლუს ორი".

პირლომ დაცვის ცენტრში კიელინისა და ბონუჩის დანილო შეუწყვილა, რომელიც მეტოქის იერიშებისას ფლანგზე გადადიოდა და თავის პოზიციას იკავებდა, რა დროსაც იუვე 4 მცველით მოქმედებდა, ხოლო როცა „ბებერი ქალბატონი“ შეტევაზე გადადიოდა, ბრაზილიელი დაცვის სამეულთან ერთად უკან რჩებოდა და გუნდის ტაქტიკა 3-4-1-2 სახეს იღებდა.

პირლოს სქემაში ფლანგები კუადრადომ და 21 წლის ჯანლუკა ფრაბოტამ გააკონტროლეს.

აღსანიშნავია რონალდუს ჩინებული სტარტი. 35 წლის პორტუგალიელმა გოლთან ერთად კარში 10 ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაც ევროპაში ჩატარებულ პირველ ტურებს შორის საუკეთესო შედეგი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები