მუჯირი: ''ბელარუსთან ქომაგების დასწრების საკითხი სუპერთასის შემდეგ გადაწყდება''
Aa
Aa

მუჯირი: ''ბელარუსთან ქომაგების დასწრების საკითხი სუპერთასის შემდეგ გადაწყდება''

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ბელარუსთან მატჩზე ქომაგთა დასწრების შესახებ ისაუბრა. ''შტურმის'' ექს-შემტევის თქმით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გადაწყვეტილებას უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ მიიღებს.

დავით მუჯირი: ''თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბელარუსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები აცნობიერებენ ამ შეხვედრის მნიშვნელობას.

ოქტომბრის დასაწყისი საკლუბო და სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე საკმაოდ გადატვირთულია. იმედი მაქვს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ბელარუსთან მატჩს ტრავმების გარეშე და სათამაშო პრაქტიკით შეხვდებიან.

24 სექტემბერს უეფას სუპერთასი გაიმართება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სუპერთასი პირველი მატჩი იქნება, სადაც უეფას ეგიდით გამართულ შეხვედრას ქომაგები დაესწრებიან, თუმცა ტრიბუნების მხოლოდ მესამედი შეივსება. ეს იქნება ერთგვარი საპილოტე მატჩი.

თუ უეფა ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად სტადიონზე ქომაგთა დასწრების უფლებას მოგვცემს, ამ ინფორმაციას 24 ან 25 სექტემბერს გავიგებთ.

ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: უეფას გადაწყვეტილება და ქვეყანაში არსებული ვითარება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით''.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს, ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები