შსს-მ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
Aa
Aa

შსს-მ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა.

რაგბის კავშირში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში შემავალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მორაგებს ოპერაცია ჩაუტარდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები