ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

„მისი ცოდნა გუნდს დაეხმარება“ | ნიკა ამაშუკელი სამწვრთნელი შტაბის კონსულტანტი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბს საერთაშორისო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი, კონსულტანტის რანგში შეუერთდა.

ამაშუკელის ახალი როლი გუნდის საწვრთნელ პროცესში თამაშის წესებისა და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მატჩების ანალიზსა და გუნდთან მუშაობას მოიცავს.

ნიკა ამაშუკელი წლების განმავლობაში უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბის ნაწილია. მისი პროფესიული კარიერა განსაკუთრებით სწრაფი პროგრესით გამოირჩევა - 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან სულ რამდენიმე წელიწადში, ის მსოფლიო რაგბის უმაღლეს სამსაჯო დონეზე დამკვიდრდა და 2023 წლის მსოფლიო თასის მოედნის მსაჯთა შორის მოხვდა.

2022 წელს ამაშუკელი გახდა პირველი მსაჯი წამყვანი სარაგბო ქვეყნების მიღმა, რომელმაც Six Nations-ის მატჩს მთავარი მსაჯის რანგში უხელმძღვანელა. მას შემდეგ ქართველმა მსაჯმა არაერთი უმაღლესი დონის საერთაშორისო შეხვედრა იმსაჯა, მათ შორის Six Nations-ისა და სამხრეთ ნახევარსფეროს უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩები.

2026 წელს ამაშუკელმა კვლავ მიიღო მონაწილეობა Six Nations-ის სამსაჯო პროგრამაში და 14 მარტს პარიზში საფრანგეთისა და ინგლისის მატჩს გაუძღვა. იმავე წელს იგი დანიშნული იყო არგენტინა-შოტლანდიის ტესტ-მატჩის მთავარ მსაჯად, ხოლო სექტემბერში იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მესამე ტესტს წარუძღვა.

სწორედ უმაღლეს საერთაშორისო დონეზე დაგროვილი გამოცდილება გახდება მნიშვნელოვანი რესურსი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომისთვის“.

თანამედროვე რაგბიში თამაშის წესებისა და მათი ინტერპრეტაციის ცოდნა გუნდის მომზადების განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ეპიზოდებს, როგორიცაა ბოჭვა, რაქი, მოლი, შერკინება, აუტი, თამაშგარე მდგომარეობა და დისციპლინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

ამაშუკელის ჩართულობა სამწვრთნელო შტაბს საშუალებას მისცემს, მატჩების ანალიზისას კონკრეტული ეპიზოდები არა მხოლოდ მწვრთნელისა და მოთამაშის, არამედ უმაღლესი დონის საერთაშორისო მსაჯის პერსპექტივიდანაც შეაფასოს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გუნდის დისციპლინას, თამაშის წესების პრაქტიკულ ინტერპრეტაციასა და მატჩის მართვას. მიზანია, მოთამაშეებმა უკეთ გაიაზრონ, როგორ აფასებენ მსგავს ეპიზოდებს საერთაშორისო დონის მსაჯები და როგორ შეიძლება გარკვეული რისკების თავიდან აცილება.

ნიკა ამაშუკელის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომისთვის“, რომლებიც მუდმივად ასპარეზობენ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებში და შესაბამისად, მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების შესაბამისი მომზადება სჭირდებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გვყავდესს არა მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები და მწვრთნელები, არამედ ყველა ის კომპეტენცია, რომელიც თანამედროვე მაღალი დონის რაგბიში წარმატებისთვის არის საჭირო. ნიკა ამაშუკელის გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსი იქნება. ის უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბის შიგნიდან იცნობს და მისი ცოდნის გაზიარება გუნდს დაეხმარება როგორც კონკრეტული ეპიზოდების უკეთ გაანალიზებაში, ისე თამაშის წესების თანამედროვე ინტერპრეტაციის კიდევ უფრო ღრმად გაგებაში“, - ვასილ აბაშიძე, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

თავის მხრივ, ნიკა ამაშუკელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბებთან თანამშრომლობას უკვე შეუდგა.

მისი ჩართულობა მიზნად ისახავს გუნდებისთვის დამატებითი პროფესიული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და იმ პროცესის გაძლიერებას, რომლის მთავარი ამოცანაც თანამედროვე საერთაშორისო რაგბის მოთხოვნებთან მაქსიმალურად შესაბამისი მომზადებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნგრეთზე მარტივი მატჩი არ გველოდება“ | უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელი საქართველოზე
„უნგრეთზე მარტივი მატჩი არ გველოდება“ | უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელი საქართველოზე