74 როზგი და სიკვდილით დასჯა - ირანელ მოჭიდავეს უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს
Aa
Aa

74 როზგი და სიკვდილით დასჯა - ირანელ მოჭიდავეს უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს

ირანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ქვეყნის მრავალგზის პრიზიორს 27 წლის ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ირანის ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავეს განაჩენი ხელისუფლებამ გამოუტანა და ამის მიზეზი აქციებში მონაწილეობაა.

ირანში საპროტესტო აქციები 3 წლის წინ იმართებოდა, რომელშიც მონაწილეობას აფკარიც იღებდა. ასევე დააკავეს მისი ორი ძმაც. მათ, ჯამში ოცამდე ბრალდება წაუყენეს, რომელთა შორის იყო ეროვნული უსაფრთხოების შერყევა და ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰომეინის აუგად მოხსენიება.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ახლა გამოიტანა და ბრალდებულს სასჯელის უმკაცრესი ზომა მიუსაჯა - აფკარის 74-ჯერ გაროზგავენ, შემდეგ კი სიკვდილით დასჯიან.

აფკარის ძმები, მის ფონზე იოლად გამოძვრნენ, ვაჰიდ აფკარის 54 წელი მიუსაჯეს, ხოლო ჰაბიბს 27.

ძმების დედამ განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მის შვილებს თავის დაცვის საშუალება არ მისცეს და სასამართლო სიყალბით არის სავსე.

ნავიდ აფკარი ამბობს, რომ მას ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან.

"50 დღის განმავლობაში ყველაზე საშინელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გაძლება მომიხდა. ისინი ჯოხებითა და ხელკეტებით მცემდნენ, ხელებზე, ასევე ფეხებზეც, მუცელში და ზურგზე მირტყამდნენ.

თავზე პლასტმასის ტომარა ჩამომაცვეს და სანამ სიკვდილის პირას არ მივიდოდი, იქამდე არ მხსნიდნენ. ცხვირში ალკოჰოლს მასხამდნენ". - წერს აფკარი თავის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები