გია ჭიაბრიშვილი:
Aa
Aa

გია ჭიაბრიშვილი: "ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე იყო"

ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.

თბილისის ლოკომოტივის მეტოქე მოსკოვის "დინამო" იქნება და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთრაუნდიან დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე გამართავს. "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი წილისყრის შედეგებს და მომავალ მეტოქეს აფასებს:

"პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით. მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით.

ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი - სულ სხვა. გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია. ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით, "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე".

თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" შეხვედრა თბილისში, 17 სექტემებრს გაიმართება. ასევე, ამ დღეს ჩაატარებს თავის მატჩს თბილისის "დინამო", რომელიც უელსში, იქაურ "ქონაჰს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები