''მას შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს'' - ტვენტე ქართველთან განშორებას გეგმავს
Aa
Aa

''მას შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს'' - ტვენტე ქართველთან განშორებას გეგმავს

გიორგი აბურჯანია შესაძლოა ენსხედეს ''ტვენტეს'' დაემშვიდობოს. კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმა იმ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით აბურჯანია ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არაა და მისი გუნდში ყოფნა სხვა ლეგიონერებთან შედარებით მეტ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ყველა ჰოლანდიური კლუბის და მათ შორის ''ტვენტეს'' ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

მიმდინარე ზაფხულში მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში აბურჯანიამ ორი გოლი გაიტანა. ''სიტარდთან'' შესრულებული ბრწყინვალე ჯარიმის შემდეგ ფეხბურთელი გუნდიდან წასვლას გამორიცხავდა, თუმცა ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენის შესახებ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა: ''აბურჯანია ევროკავშირის ქვეყნიდან არაა. ჩვენ არ შეგვიძლია მას კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი გადავუხადოთ. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელს ვაცნობეთ და მას შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს, თუმცა ტრანსფერზე არ დავაყენებთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შევასრულებთ.''

შეგახსენებთ, აბურჯანია ''სევილიას'' საკუთრებაა და 2019 წელს ჰოლანდიურ კლუბში ორწლიანი იჯარით გადავიდა. გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 

გასულ სეზონში აბურჯანიას გონსალო გარსია წვრთნიდა, რომელიც ქართველთან ერთად ''ანორთოსისში'' თამაშობდა. სეზონის დასრულებას გარსიას გუნდიდან წასვლა მოჰყვა და ვაკანტური პოსტი რონ იანსმა დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები