Fox Sports-ი წყლის შესვენებებზე 250 მლნ დოლარს გამოიმუშავებს | BBC Sport
BBC Sport-ის ინფორმაციით, აშშ-ის ტელეარხი Fox Sports-ი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს, ე.წ „წყლის შესვენებებზე“ 250 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ტურნირზე ყოველი ტაიმის შუაში სავალდებულო სამწუთიანი შესვენებები დაწესდა, მაუწყებელთა უმეტესობა კი მათ რეკლამის საჩვენებლად იყენებს.
სარეკლამო რგოლების ჩვენება მსაჯის სასტვენიდან 20 წამში შეიძლება დაიწყოს და თამაშის განახლებამდე 30 წამით ადრე უნდა დასრულდეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა, ყოველ მატჩში 30 წამის ხანგრძლივობის 8 სარეკლამო რგოლი აჩვენოს. ტურნირის განმავლობაში ჯამში — 832 რგოლი.
Fox Sports-ზე 30-წამიანი რგოლის საშუალო ღირებულება 200-დან 300 ათას დოლარამდე მერყეობს. აშშ-ის ნაკრების მატჩების დროს, ეს თანხა 750 ათას დოლარამდე იზრდება — ისევე, როგორც ტურნირის დასკვნით ეტაპებზე მთლიანობაში. ამგვარად, წყლის შესვენებების დროს რეკლამამ არხს შეიძლება 250 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანოს.
„თუ მთელ მსოფლიოს ავიღებთ, თანხამ შესაძლოა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. შესვენებებზე რეკლამა ასევე ნაჩვენებია მექსიკაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში“ - წერს BBC Sport-ი.