Aa
Aa

მოქმედი ჩემპიონის გარეშე - ანდრეესკუ US Open-ზე ტიტულს ვერ დაიცავს

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება ქალებს შორის მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩაივლის. ბიანკა ანდრეესკუმ ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა და მიზეზად ტრავმა დაასახელა.

„რთული გადაწყვეტილება მივიღე, რომ წელს ნიუ იორკში ტიტულის დასაცავად არ ჩავალ. ეს ნაბიჯი გადავდგი, რათა კონდიციები სრულად აღვიდგინო და ჩემს უმაღლეს სათამაშო დონეს დავუბრუნდე“.

ანდრეესკუს მუხლის ტრავმის გამო გასული წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ბოლოს მან ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე იასპარეზა.

20 წლის კანადელის გარდა, ნიუ იორკის კორტებზე მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტის, უკრაინელ ელინა სვიტოლინასა და ნიდერლანდელ კიკი ბერტენსს ვერ ვიხილავთ. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა US Open-ზე რუმინელი სიმონა ჰალეპი.

ბიანკა ანდრეესკუმ ამერიკის ღია პირველობის გასული წლის ფინალში სერენა უილიამსს ორ სეტში - 6:3; 7:5 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები