Aa
Aa

ლილარდის რეკორდი - პორტლენდი ფლეი-ოფისთვის მემფისთან იბრძოლებს

დამიენ ლილარდმა მორიგი აღმაფრთოვანებელი მატჩი ჩაატარა, „პორტლენდს“ ჰაერივით საჭირო თამაში მოაგებინა და ფლეი-ოფში გასვლის შანსი დაუტოვა. პორტლენდელთა ვარსკვლავმა „ბრუკლინს“ 42 ქულა ჩაუგდო და რეგულარული სეზონის ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა.

„ბლეიზერსმა“ ბრუკლინელებს დაძაბულ ბრძოლაში 134:133 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ლილარდმა 42 ქულას 12 ასისტი მიამატა, სიჯეი მაკკოლუმმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო იოსიფ ნურკიჩმა 22 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

ლილარდმა შედეგიანობას ბოლო 3 მატჩში განსაკუთრებულად უმატა - „ფილადელფიას“ 51 ქულა ჩაუგდო, „დალასთან“ თავი 61 ქულით გამოიჩინა, რასაც გუშინდელ მატჩში მოპოვებული 42 ქულა მიაყოლა. შედეგად, ლილარდი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ბოლო 3 რეგულარული სეზონის ბოლო 3 თამაშში 40 ან მეტი ქულა მოაგროვა.

ახლა რაც შეეხება ფლეი-ოფში გასვლის საკითხს, „პორტლენდმა“ რეგულარული მე-8 ადგილზე დაასრულა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული არ აქვს, რადგან პანდემიის პაუზის დროს მე-8 ადგილოსან „მემფისს“ მხოლოდ 1 მოგებით გაასწრო. ეს გუნდები ერთმანეთში ითამაშებენ და მემფისელებს ორიდან ორი გამარჯვება სჭირდებათ, რათა „პორტლენდს“ ფლეი-ოფის საგზური ჩამოართვან. პირველი მატჩი 15 აგვისტოს ჩატარდება.

ამ წყვილში გამარჯვებული ფლეი-ოფის 1/8 ფინალში „ლეიკერსს“ შეხვდება. დანარჩენ 1/8 ფინალებში ერთმანეთის წინააღმდეგ „ოკლაჰომა“ და „ჰიუსტონი“, „დენვერი“ და „იუტა“, „კლიპერსი“ და „დალასი“, „მილუოკი“ და „ორლანდო“, „მაიამი“ და „ინდიანა“, „ბოსტონი“ და „ფილადელფია“, ასევე „ტორონტო“ და „ბრუკლინი“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები