1979: გაბელიას სუპერმატჩი და დინამო სსრკ-ს თასის ჩემპიონია
Aa
Aa

1979: გაბელიას სუპერმატჩი და დინამო სსრკ-ს თასის ჩემპიონია

1979 წლის 11 აგვისტოს სსრკ-ს თასის ფინალში თბილისის ''დინამოსა'' და მოსკოვის ''დინამოს'' დაპირისპირების ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. ნოდარ ახალკაცის გუნდმა მეტოქე პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. შეხვედრა მოსკოვში, ''ლუჟნიკზე'' გაიმართა.

თბილისელთა მხრიდან დავით ყიფიანისა და ვლადიმერ გუცაევის დარტყმა ნიკოლაი გონტარმა მოიგერია, თუმცა მანუჩარ მაჩაიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ, ვიტალი დარასელიამ, რამაზ შენგელიამ და თენგიზ სულაქველიძემ გაიტანეს. თბილისის ''დინამოს'' მეკარემ ოთარ გაბელიამ სამი პენალტი მოიგერია. მან ალექსანდრ მახოვიკოვს და ალექსეი პეტრუშინს აუღო. გადამწყვეტ მომენტში გაბელიამ ვალერი გაზაევის დარტყმა მოიგერია და თბილისის ''დინამო'' სსრკ-ს თასის მფლობელი გახდა. ამ მატჩიდან ზუსტად 41 წელი გავიდა.

ახალკაცმა მოსკოვის ''დინამოს'' წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: გაბელია, სულაქველიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი (კაკილაშვილი 61), დარასელია, მ. მაჩაიძე (კ), ქორიძე (ყიფიანი 46), გუცაევი, გ. მაჩაიძე, შენგელია

1979 წელს ოთარ გაბელია სსრკ-ს საუკეთესო მეკარედ დასახელდა და სერგო კოტრიკაძის შემდეგ მეორე ქართველია, ვინც აღნიშნული პრიზი მიიღო. ამავე წელს გაბელიამ სსრკ-ს ეროვნულ გუნდში პირველი და უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, 21 ნოემბერს დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან ითამაშა.

თბილისის ''დინამო'' სსრკ-ს თასის მფლობელი ორჯერ გახდა (1976, 1979). ორივე გამარჯვებისას მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი იყო. 1976 წელს ''დინამომ'' ფინალში ერევნის ''არარატი'' 3:0 დაამარცხა. გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ და ჩელებაძემ გაიტანეს.

სსრკ-ს თასის ფინალში თბილისის ''დინამო'' ექვსჯერ დამარცხდა (1936, 1937, 1946, 1959-60, 1970, 1980).

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები