კვიპროსული მედია: კაჭარავას ტრანსფერი ძალიან რეალურია
Aa
Aa

კვიპროსული მედია: კაჭარავას ტრანსფერი ძალიან რეალურია

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შესაძლოა ''ანორთოსისი'' დატოვოს. კვიპროსული მედიის ცნობით 26 წლის ფეხბურთელს მენეჯერმა ერთ-ერთი კლუბის წინადადება გააცნო. ამ ეტაპზე კლუბი არ სახელდება, თუმცა კაჭარავას მიმართ დაინტერესება ძალიან რეალურია. მისი მომავალი უახლოეს 24 საათში გაირკვევა. 

ნიკა კაჭარავას გამოსასყიდი თანხა ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს. თუ ქართველი ქეცბაიას გუნდს დატოვებს, ''ანორთოსისს'' ორი ფორვარდის დამატება დასჭირდება, რადგან კვიპროსის ვიცე-ჩემპიონს სლოვაკი მიხალ დურიშიც დაემშვიდობა.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული კვიპროსული მედია კაჭარავას შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერდა, მაგრამ მიმდინარე წლის ზამთარში ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, ზაფხულში კვლავ გავრცელდა მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია. კაჭარავას გუნდიდან წასვლა ყველაზე რეალური სწორედ დღესაა.

კვიპროსული მედიის ცნობით კორონავირუსის პანდემიამდე ბელგიური ''სტ. ტრუიდენი'' ქართველის გადაბირებასთან ახლოს იყო, თუმცა პანდემიამ ტრანსფერი ჩაშალა. გასულ ზამთარში კაჭარავას დამატება პოლონურ ''ლეხს'' სურდა, თუმცა იმ მომენტში ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. შესაძლოა, დაინტერესებული კლუბი ამჯერადაც ''ლეხია'', თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

გასულ სეზონში კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები