Aa Aa
11 აგვისტო 2020  |  11:33

მორიგი დაპირისპირება - ქევხიშვილი ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს

ოლიმპიურ კომიტეტში გუშინ აღმასკომის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი პრეზიდენტობის კანდიდატად მესამე ვადაზეც წარადგინეს.

ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ქევხიშვილმა სოციულურ ქსელში განცხადება გაავრცელა. CrystalSport-ი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რაც მიმაჩნია, რომ თავისთავად არის გაგრძელება იმ უსამართლო ქმედების, რომელიც წესდებაში ცვლილების შეტანის სახით დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.

ამ ცვლილებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სრულიად უსაფუძვლო მოტივით ,,დააკანონა" არჩევნებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის შეზღუდვა და მოახდინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის აკრძალვა. აღნიშნული თავის დროზე გახდა მიზეზი ჩემი მხრიდან, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის სტატუსის დატოვების. 

დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო შორს წავიდა და ამ ორი გადაწყვეტილების ერთობლიობით ფაქტობრივად გაემიჯნა სახელმწიფოსა და შესაბამისად, მმართველი გუნდის ზოგად სპორტულ პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით მან კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა თავად ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი, რამეთუ ყველანაირი დემოკრატიული პრინციპის დარღვევა იქნება ასეთი სახის, ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ვფიქრობ, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს ეს ფუნქცია და სპორტი ოლიმპიური კომიტეტის გვედის ავლით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიორი კომიტეტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე დააფინანსოს. ჩემთვის ამ ყოველივეს აღნიშვნა განსაკუთრებით, ორმაგად აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რამეთუ გახლავართ არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების წევრი, არამედ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვფიქრობ სწორედ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები მავანთა მხრიდან აყენებს ჩრდილს ჩვენს ერთიან პოლიტიკას, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, როგორც მინიმუმ, სპორტული პოლიტიკის მმართველ ორგანოებში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები 2020 წლის 11 სექტემბერსაა ჩანიშნული. ლერი ხაბელოვი აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე 2012 წლიდან მუშაობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები