Aa
Aa
7 აგვისტო 2020  |  09:49

შეუდარებელი დემიენ ლილარდი - 45 ქულა, 11 სამიანი, რეკორდი და გამარჯვება დენვერთან

დემიენ ლილარდის „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ რესტარტის შემდეგ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მოგებების რაოდენობით მერვე ადგილზე მყოფ „მემფის გრიზლისს“ გაუთანაბრდა.

გამთენიისას „პორტლენდმა“ საკადრო პრობლემების მქონე „დენვერ ნაგეთსი“ 125-115 დაამარცხა და „ტრეილ ბლეიზერსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ დემიენ ლილარდი გახლდათ.

30 წლის გამთამაშებელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 45 ქულა, 11 სამქულიანი, 12 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა ჩაიწერა. ლილარდმა NBA-ის რეკორდი დაამყარა და პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 45 ქულა, 10 ასისტი და 10 სამქულიანი გაიფორმა.

ამასთან ერთად, „დეიმ დოლა“ NBA-ის ისტორიაში მეორეა, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 10 სამქულიანითა და 10 ასისტით გამოირჩა. „პორტლენდის“ სუპერვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენს შეუერთდა, რომელმაც იგივე 2019 წლის იანვარში გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ ლილარდს მხარი გარი ტრენტ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. იუსუფ ნურკიჩმა 22 ქულა დააგროვა, ხოლო სი ჯეი მაკკოლუმი 13 ქულას დასჯერდა. წაგებულთა რიგებში 27 ქულით საუკეთესო მაიკლ პორტერ ჯუნიორი იყო. ნიკოლა იოკიჩმა 8 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ჯერემი გრანტს 18 ქულა ჰქონდა.

ცნობისთვის, „დენვერის“ შემდეგ „პორტლენდს“ ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ შერკინება ელის. „ნაგეთსი“ კი მომდევნო შეხვედრას „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები