Aa Aa
1 აგვისტო 2020  |  20:37

"ჩვენ გვინდა დროგბა!" - დროგბა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად

კოტ-დივუარში ფეხბურთის ქომაგებმა ქუჩებში მსვლელობა გამართეს და დიდიე დროგბას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებისთვის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

"ჩვენ გვინდა დროგბა!" - ისმის შეძახილები აბიჯანის ქუჩებში.

დიდიე ქვეყანაში ნამდვილი კერპია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უმაღლესი დონის ვარსკვლავი იყო, მისი ქველმოქმედებების გამო ადამიანებს დროგბა უზომოდ უყვართ და პატივს სცემენ.

როგორც მოგეხსენებათ, დროგბამ პანდემიისას გადაწყვიტა, რომ დედაქალაქ აბიჯანში მის მიერ აშენებული საავადმყოფო კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის გადაკვალიფიცირებულიყო.

გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ აშენებულმა კლინიკამ, რომელიც 2016 წელს გაიხსნა, პანდემიისას პროფილი შეიცვალა. ცნობისთვის, ხსენებული კლინიკა დროგბამ "პეპსისგან" მიღებული ჰონორარით (3 მილიონი დოლარი) ააშენა.

დროგბა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში. 2006 წელს კოტ-დივუარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, დიდიემ ქვეყანაში დაპირისპირებულ ორ მხარეს მოუწოდა სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღეში მონაწილეებმა იარაღი დაყარეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები