სახალისო ვიდეო და სამადლობელო სიტყვები - გიორბელიძე დილას დაემშვიდობა
გორის ''დილას'' მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ''ვოლფსბერგში'' გააგრძელებს. ინფორმაცია ავსტრიული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
24 წლის ფეხბურთელი ''დილას'' დაემშვიდობა და Facebook-ის პირად გვერდზე კლუბის ხელმძღვანელების, ფეხბურთელებისა და ქომაგების მიმართ მადლიერება გამოხატა. ასევე, ''ბურჯანაძეზე'' გადაღებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.
გურამ გიორბელიძე:''მეგობრებო, ვიდრე დამშვიდობების ნაწილზე გადავალ, მინდა გამოვხატო მადლიერება პირველ რიგში ''დილაში'' მყოფი ყველა ფეხბურთელის მიმართ, რომელთა გვერდითაც მომიწია თამაში და რომელთა გუნდურმა თამაშმაც ჩემი წარმატება განაპირობა.
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ''დილას'' ხელმძღვანელებისა და პერისონალის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გვერდით მედგნენ და განვითარებაში ხელს ყველანაირად მიწყობდნენ.
გორის ''დილას", როგორც ერთ დიდ ოჯახს, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რაც ამ დროის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ. ჩვენ ერთად გადავლახეთ ყველა სირთულე და ერთად ვიზეიმეთ ყველა წარმატება. მინდა იცოდეთ, მე მომავალშიც ვრჩები იმ ადამიანად, რომელსაც გაუხარდება ამ გუნდის წარმატება და წინსვლა.
ცალკე მინდა გამოვყო გულშემატკივრები, მათი მხრიდან კლუბში მოსვლის დღიდან უზარმაზარ პატივისცემასა და უდიდეს სითბოს ვგრძნობდი, თქვენ მაძლევდით მოტივაციას წარმატებისთვის საბრძოლველად. მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა ყოველი შეძახილისა და ემოციისთვის.''
აღსანიშნავია, რომ ''ვოლფსბერგმა'' 2019-20 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და გერმანული ''გლადბახი'' სტუმრად დიდი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.
გიორბელიძის გუნდი გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონშიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩემპიონი 50 ქულით ''ზალცბურგი'' გახდა, მეორე პოზიცია ვენის ''რაპიდმა'' 38 ქულით დაიკავა, რომელსაც გიორბელიძის გუნდი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.
''ვოლფსბერგის'' მთავარი ფიგურა ებრაელი შონ ვაისმანია, რომელმაც 2019-20 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის 31 მატჩში 30 გოლი შეაგდო.