BILD: ალაბას კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში სურს
Aa
Aa
15 ივლისი 2020  |  13:59

BILD: ალაბას კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში სურს

წინა კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავიდ ალაბა „ბაიერნის“ დატოვებას გეგმავს და ამის გაკეთებას ავსტრიელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს.

Bild-ის ინფორმაციით, 28 წლის ალაბა უპირატესობას ლა ლიგაში გადასვლას ანიჭებს და მზადაა პირველ რიგში ესპანური წინადადებები განიხილოს.

წყაროს თანახმად, როგორც ცნობილია ალაბას შეძენით „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელმა მათი წინადადებები გვერდით გადადო და კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში გადაწყვიტა, რასაც ბევრი არ ელოდა, რადგან ესპანური გრანდებისგან ავსტრიელის მიმართ სერიოზული ინტერესი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„რეალს“ მარცხენა მცველის პოზიციაზე მარსელო და მენდი ჰყავს და ზიდანს ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად არ აწუხებს. „სამეფო კლუბი“ უფრო სხვა პოზიციების გაძლიერებას გეგმავს.

რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელები ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას გეგმავენ და მარცხენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ 31 წლის ხორდი ალბა რჩებათ. ამასთან, ესპანურმა Mundo Deportivo-მ რამდენჯერმე დაწერა, რომ „ბლაუგრანა“ ალაბას მიმართ ინტერესს ინარჩუნებდა, თუმცა კონკრეტული არაფერი ყოფილა.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თავად ალაბას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ კარიერის ესპანეთში გაგრძელება სურს. ტრანსფერმაკეტი მას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები