12-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა!
Aa
Aa

12-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა!

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ''ლევანტესა'' და ბილბაოს ''ატლეტიკის'' მატჩი ბასკთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე ჩაერთო. მან გამოცდილი რუბენ როჩინა შეცვალა.

გიორგი დემეტრაძისა (''სოსიედადი'') და შოთა არველაძის (''ლევანტე'') შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი რიგით მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ელიტარულ ლიგაში ითამაშა.

2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატში ქოჩორაშვილმა გიორგი ყიფიანის გუნდში კარგად ითამაშა, რის შემდეგაც მისი გადაბირებით პორტუგალიური ''გიმარაინში'' და ესპანური ''ჟირონა'' დაინტერესდნენ. ქართველმა არჩევანი ''ჟირონას'' სასარგებლოდ გააკეთა და ორწლიანი იჯარით კატალონიურ გუნდს შეუერთდა.

2017-19 წლებში ქოჩორაშვილი ''ჟირონას'' ჯერ 19-წლამდე გუნდში, შემდეგ კი სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა.

2019 წლის ზაფხულში ''ლევანტესთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა სარეზერვო გუნდის მაისურით ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ქოჩორაშვილს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

2007-08 წლების სეზონი შოთა არველაძემ ''ლევანტეში'' გაატარა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

20-გუნდიან ლა ლიგაში ''ლევანტე'' 43 ქულით მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები