ტაისონ ფიური დაეხმარა ადამიანს, რომელმაც იგი კარიერაში პირველი მარცხისგან იხსნა
Aa
Aa
9 ივლისი 2020  |  00:38

ტაისონ ფიური დაეხმარა ადამიანს, რომელმაც იგი კარიერაში პირველი მარცხისგან იხსნა

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ტაისონ ფიური დაეხმარა ადამიანს, რომელმაც ოტო ვალინის წინააღმდეგ ბრძოლაში „ბოშათა მეფე“ მარცხს გადაარჩინა.

2019 წელს, ლას-ვეგასში გამართულ შერკინებაში ხორხე კაპეტილიო ფიურის გუნდის წევრი გახლდათ და ბრიტანელის საშინელ ჭრილობას სწორედ მან უმკურნალა.

ბრძოლის მიმდინარეობისას და საფინალო გონგის შემდეგ, იყო საუბრები, რომ ჭრილობის გამო, მსაჯსა და ექიმს დაპირისპირება უნდა შეეწყვიტათ და გამარჯვებულად ვალინი გამოეცხადებინათ, თუმცა კაპეტილიოს წყალობით, ფიურისთვის ბრძოლის შეწყვეტა არ მოუთხოვიათ და ბრიტანელი კარიერაში პირველ მარცხს გადაურჩა.

„ბოშათა მეფეს“ კაპეტილიოს თავდადება არ ავიწყდება და კორონავირუსის პანდემიისას მას უდიდესი დახმარება გაუწია.

„ფიური დღემდე ჩემი მადლიერია. როცა გაიგო, რომ პანდემიის გამო იზოლაციაში ვიყავი და სპორტდარბაზის დახურვა მომიწია, დამიკავშირდა და მკითხა ჩემი დახმარება როგორ შეეძლო.

ის ჩემზე დღემდე ზრუნავს და ამ რთულ პერიოდში ფული გამომიგზავნა. ტაისონი შესანიშნავი ადამიანი და თავმდაბალი ჩემპიონია. მან ამ კრიზისისას როგორღაც დრო გამონახა და მე და ჩემი ოჯახი მოგვიკითხა“.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და ვალინის ბრძოლის შემდეგ, კაპეტილიო TMZ-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ უამრავი ვაზელინი გამოიყენა, რათა ჭრილობა დაეფარა და ექიმს ფიურისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება მიეცა. ხორხეს თქმით, მან იცოდა, რომ იყო შანსი შერკინება შეეჩერებინათ და ბრიტანელის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები