''დიდი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ თავმდაბალი დარჩა'' - ნემსაძე კანიჯას იხსენებს
Aa
Aa

''დიდი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ თავმდაბალი დარჩა'' - ნემსაძე კანიჯას იხსენებს

2000-01 წლებში შოტლანდიურ ''დანდიში'' გიორგი ნემსაძე და კლაუდიო კანიჯა თანაგუნდელები იყვნენ. CrystalSport-ის არქივიდან გთავაზობთ გიორგი ნემსაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწყვეტს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი ცნობილ არგენტინელ ფეხბურთელს იხსენებს, ნემსაძე კანიჯას პროფესიულ და პიროვნულ თვისებებზე საუბრობს.

გიორგი ნემსაძე: ''ედინბურგში ცხოვრობდა და ვარჯიშზე ნახევარი საათით ადრე მოდიოდა. ნამდვილი პროფესიონალი იყო. თუ არ ხარ თავმდაბალი პიროვნება, ასეთ რაღაცას არ გააკეთებ. ''დანდიში'' გადასვლამდე ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზა, მაგრამ ''დანდიში'' საქმეს ძალიან პროფესიონალურად უდგებოდა. ''დანდი'' არც ''სელტიკია'' და არც ''რეინჯერსი,'' მაგრამ კლაუდიო პროფესიონალი იყო.

კლაუდიო ძალიან მეგობრული და უშუალო პიროვნებაა. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ის არასდროს გიქმნიდა ბარიერს, რომ მან ასეთ მაღალ დონეზე ითამაშა.''

კლაუდიო კანიჯა არგენტინის ეროვნულ გუნდთან ერთად 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. არგენტინელმა 1991 წლის კოპა ამერიკა მოიგო. მან 1987-2002 წლებში არგენტინის ეროვნულ გუნდში 50 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი შეაგდო.

 2001 წელს კანიჯა ''დანდიდან'' გლაზგოს ''რეინჯერსში'' გადავიდა, სადაც შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო.

2008 წელს სამხრეთამერიკელი დიეგო მარადონასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და ''დინამო არენაზე'' ვეტერანთა შორის გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ცხადია, მოედანზე მთავარი ფიგურა მარადონა იყო.

მსგავსი სიახლეები