თორნიკე შენგელია - კალათბურთელი, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა
ფიბას ოფიციალურმა ვებგვერდმა „ბასკონიას“ ქართველ კალათბურთელს, თორნიკე შენგელიას ვრცელი და საკმაოდ საინტერესო სტატია მიუძღვნა.
***
თორნიკე შენგელიას ახალგაზრდობა და საქართველოში გატარებული უდარდელი დღეები კარგად ახსოვს. ის კალათბურთს თამაშობდა და პარკეტზე ყოფნის თითოეული წუთით უდიდეს სიამოვნებას იღებდა. თოკო ხანდახან საქართველოს ნაკრების მატჩებსაც უყურებდა. ერთ დღეს კი, წარმოიდგინა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება მოიპოვა და მატჩის დაწყებამდე თანაგუნდელების მხარდამხარ დადგომა და ეროვნული ჰიმნის შესრულება მოახერხა.
„ბავშვობაში საქართველოს ეროვნული ჰიმნის მოსმენისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ახლაც ასეა. ჩემი ერთ-ერთი ოცნება პარკეტზე გასვლა და ჩემი ქვეყნისთვის თამაში იყო. ოცნება ამიხდა და აქ ვარ. ეს საოცარი შეგრძნებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ“.
შენგელია თითქმის ათი წელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერია. მან ევრობასკეტზე 3-ჯერ ითამაშა და ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.
შეგრძნება, რომელიც საქართველოს ნაკრების მაისურის ტარებისას გეუფლება არასდროს უფერულდება. პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდება. როცა შენგელიამ გაიგო, რომ მომდევნო ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს, გამორჩეულად გაუხარდა და ადრენალინის მოზღვავება იგრძნო.
„მთელი ქვეყანა აღფრთოვანებული იყო, როცა გავიგეთ, რომ მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. პირადად ჩემთვის ეს საოცარი შეგრძნება გახლდათ. ევრობასკეტის მასპინძლობა არა მხოლოდ ჩემთვის და კალათბურთელებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“.
ეს იმ ახალგაზრდებსაც ეხებათ, რომლებისთვისაც თოკო მისაბაძი მაგალითია, სურთ შენგელიას ნაბიჯებს გაუყვნენ, კალათბურთი პროფესიონალურ დონეზე ითამაშონ და თავიანთი ქვეყნის ღირსება დაიცვან.
„ეს ჩემი მოტივაციაა და ახალგაზრდები ჩემი შთაგონების წყარო არიან, რადგან იყო დრო, როცა მეც მათ მდგომარეობაში ვიყავი“.
ევრობასკეტის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. გასულ ორ ჩემპიონატს საერთო ჯამში 8 ქვეყანამ უმასპინძლა. ევრობასკეტის მატჩების დროს გულშემატკივრები დარბაზებს ავსებენ, ან შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას უყურებენ.
კალათბურთელებს თავიანთი გულშემატკივრების წინაშე თამაში ეამაყებათ და ახალი თაობა სწორედ ასეთ მომენტებში იბადება.
„ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალი დონის კალათბურთელების მონაწილეობით გამართულ მატჩებზე დასწრება შეძლონ“.
საქართველოს ნაკრების მიერ ბოლო 4 ევრობასკეტზე მონაწილეობის მიღებამ საქართველოში კალათბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრები პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს გავიდა, როცა მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა.
„ევრობასკეტზე გასვლა ქვეყანას ძალიან დაეხმარა. საქართველოში კალათბურთი ძალიან უყვართ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს მხოლოდ ზაფხულობით იგრძნობოდა. თუმცა ევრობასკეტის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალათბურთი საქართველოში პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი სპორტი ნამდვილადაა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს და კალათბურთით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება“.
შენგელიას თქმით, საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშს ვერაფერი შეედრება.
„ჩემი საუკეთესო მოგონება არის დღე, როცა ნაკრებში პირველად გამომიძახეს. აღფრთოვანებული ვიყავი და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ეროვნული ნაკრები ჩემი შთაგონების წყარო იყო და მინდოდა ვყოფილიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე, საფინალო სირენამდე იბრძოდა. ჩვენ უამრავი შესანიშნავი კალათბურთელი გვყავდა. ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ჩემი შთაგონების წყარო რომელიმე მათგანი არ ყოფილა. მე მთლიანმა გუნდმა და მათმა გუნდურმა თამაშმა შთამაგონა“.
შენგელია იმ საქართველოს ნაკრების წევრი იყო, რომელიც 2011 წელს ევრობასკეტზე გავიდა. 2013 წელს, მას ევროპის ჩემპიონატი გაუცდა. 2015 და 2017 წლებში კი, გუნდთან ერთად იყო.
ოთხივე ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა ალბათ შემადგენლობის სიღრმის ნაკლებობა გახლდათ.
„ევრობასკეტი იმ ტურნირებს მიეკუთვნება, რომლებზეც მოკლე პერიოდში ბევრი შეხვედრის ჩატარება გიწევს და გრძელი სათადარიგოთა სკამი აუცილებელია. მატჩების უმრავლესობაში, რომლებიც ევრობასკეტზე გავმართეთ, მხოლოდ 7-8 კალათბურთელს ვიყენებდით. არადა გვყავდა მოთამაშეები, რომლებიც მზად იყვნენ მსხვერპლი გაეღოთ და უმაღლეს დონეზე ეთამაშათ, მაგრამ შანსს ვერ იღებდნენ.
როცა პარკეტზე დიდ დროს ატარებ, ტურნირის ყოველი მომდევნო მატჩი უფრო და უფრო რთული ჩასატარებელია. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ამავდროულად ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ბოლო ევრობასკეტზე, თელ ავივში ჯერ ლიტვა დავამარცხეთ, ხოლო შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მოასპარეზე ისრაელს ვძლიეთ“.
2015 წელს, ლილში საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალის საგზური იონას მაჩიულისმა წაართვა, რომელმაც ალბათ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 34 ქულა დააგროვა. მისმა გუნდმა კი, მერვედფინალში საქართველო 85-81 დაამარცხა.
2017 წელს, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დაძლევასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ იტალიასთან 71-69 წააგო და პლეიოფში ვერ გავიდა.
„მაშინდელი იტალიისა და საქართველოს ნაკრებები რომ შევადაროთ, აღმოვაჩენთ, რომ მთავარი განსხვავება შემადგენლობის სიღრმეა“.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„თუ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით და ყველა ჯანმრთელადაა, ვთვლი, რომ ბრძოლა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია. არ მინდა მიკერძოებული ვიყო, მაგრამ ნამდვილად ასე ვფიქრობ. ეს უამრავჯერ დავამტკიცეთ და იმედია მომავალშიც კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებთ“.
მომდევნო ევრობასკეტი პირველი იქნება, რომლის დროსაც საქართველოს საშინაო კედლების უპირატესობა ექნება.
„ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა. ისტორიას რომ გადახედოთ, დარწმუნდებით, რომ შინ ბევრად უკეთ ვთამაშობთ“.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრები კარგი გუნდებით იყო წარდგენილი, მეხუთე ევრობასკეტზე გასული გუნდი შესაძლოა საუკეთესო იყოს.
„გუნდის ბირთვი, რომელიც ბოლო ათწლეულში შეიკრა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მჯერა, რომ კარგი ახალი თაობა მოდის და საქართველოს ნაკრებს რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა შეუერთდება. ქიმიის დასამკვიდრებლად დროა საჭირო და ეს ვარჯიშებთან და მატჩებთან ერთად მოვა. მომავალში გამორიცხული არაფერია“.