„კროუფორდმა კარგად იცის, ვინ არის თოფურია“ - კორმიე
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კი პრომოუშენის კომენტატორმა, დენიელ კორმიემ ტერენს კროუფორდისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
მისი თქმით, კროუფორდი თოფურიას სიტყვებზე რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ელ მატადორს“ ჩხუბის ჩანიშვნის კარგი შანსები აქვს.
რას ამბობს კორმიე:
„ის, რაც კონორმა გააკეთა, როდესაც ფლოიდ მეივეზერთან ამდენი რაუნდი გაძლო - ალბათ ყველაზე საოცარი რამაა, რაც ორთაბრძოლების ისტორიაში მინახავს. შემიძლია, იგივე ვთქვა ფრენსის ნგანუსა და ტაისონ ფიურის ჩხუბზე. თუმცა, ვფიქრობ, ტაისონსაც და ფლოიდსაც შეუძლიათ ისე ჩხუბი, რომ მათი მეტოქე იმდენ ხანს დარჩეს რინგზე, რამდენიც საჭიროა, რათა ყველაფერი სანახაობრივად გამოიყურებოდეს.
ილია თოფურია იყენებს კონორ მაკგრეგორის ხრიკებს, მაგრამ [კროუფორდთან საჩხუბრად] სუპერვარსკვლავობაა საჭირო, თოფურია კი ჯერ ამ დონეზე არაა. ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზით ეს ჩხუბი ჯერჯერობით ვერ შედგება.
მეორე მხრივ, ვინ მოუტანს კროუფორდს ახალ აუდიტორიას და გულშემატკივრებს, თუ არა ილია თოფურია? ამ ბრძოლის ჩანიშვნას აქვს აზრი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტერენსი კარგად იცნობს UFC-ის და იცის, ვინ არის თოფურია. მას ილიას იგნორირება შეეძლო, მაგრამ ასე არ მოიქცა“.
შეგახსენებთ, რომ არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას კროუფორდმა განაცხადა: „როცა თოფურიამ UFC-ზე მნახა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მომესალმა... მე არც კი ვიცოდი, ვინ იყო. მოდით, რეალობას შევხედოთ. არასოდეს შეადაროთ ის კონორს. როგორც ვთქვი, ამ ბიჭს არ ვიცნობ. მისი ჩხუბი არასდროს მინახავს“. მანამდე კი ილია თოფურიამ განაცხადა, რომ კროუფორდს პირველივე დარტყმით დაანოკაუტებდა.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს კროუფორდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ლას ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა.