სნეიდერი:
Aa
Aa

სნეიდერი: "შემეძლო მესისა და რონალდუს დონეზე მეთამაშა, მაგრამ არ მინდოდა"

ვეტერანი ჰოლანდიელი შუახაზელი ვესლი სნეიდერი პრესასთან საუბრისას ამბობს, რომ მას მესისა და რონალდუს დონეზე თამაში შეეძლო, თუმცა მას ეს უბრალოდ არ უნდოდა.

„შემეძლო მესისა და რონალდუს დონის მოთამაშე გავმხდარიყავი, მაგრამ ეს უბრალოდ არ მინდოდა. ყოველთვის ცხოვრებით ვტკბებოდი. ზოგჯერ თავს იმის უფლებასაც ვაძლევდი, რომ დილით საუზმეზე ალკჰოჰოლი მიმეღო.

ლეო და კრიშტიანუ განსაკუთრებულები არიან, მათ კარიერას ბევრი რამ შესწირეს. მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს ვნანობ. ჩემი კარიერა მაინც გასაოცარი გამოვიდა“. - ციტირებს სნეიდერის სიტყვებს ჯანლუკა დი მარციო.

რამდენიმე დღის წინ, ჟოზე მოურინიომ 2010 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამუელ ეტოო და უესლი სნეიდერი ოქროს ბურთს იმსახურებდნენ.

„უცნაურია, რომ ეტოომ ოქროს ბურთი ერთხელაც ვერ მოიგო. 2009-10 წლების სეზონში უესლი სნეიდერიც შეუდარებელი იყო. ერთ სეზონში მან სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი სამეულშიც კი არ დასახელდნენ. ერთადერთი, რაც მათ მიიღეს, წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა იყო“.

სნეიდერმა კარიერის მანძილზე, საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, რაზეც შეიძლება ფეხბურთელმა იოცნებოს. ის სანაკრებო ტრიუმფთანაც ახლოს იყო, თუმცა 2010 წელს მუნდიალის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა.

უესლიმ კარიერა 2018 წელს, 35 წლის ასაკში „ალ ღაფარაში“ დაასრულა. 35 წლის რონალდუ კი დღესაც თამაშობს და კიდევ 2 ოქროს ბურთის მოებას გეგმავს. როგორც სნეიდერმა თავადვე აღნიშნა, ლეომ და კრიშტიანუმ კარიერას ბევრი რამ შესწირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები