Aa
Aa

"წარმოიდგინეთ, რომ იუვეს მოთამაშე ხართ", - როგორ გაამხნევა ენრიკემ გუნდი ფინალამდე

2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და „ბარსელონას“ ტრიუმფიდან 5 წელი გავიდა. „ბლაუგრანას“ იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესასთან საუბრისას „იუვენტუსთან“ მატჩი გაიხსენა და გაამხილა, თუ რა უთხრა მან მოტივაციისთვის ფეხბურთელებს ფინალის წინ.

„მატჩამდე სასტუმროში ყოფნისას ტაქტიკაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ, თუმცა მინდოდა გუნდისთვის სხვა მოტივაციაც გამომენახა. მჯეროდა, რომ ფეხბურთელები ამყვებოდნენ. მათ ასე გავეხუმრე და ვკითხე: „რა არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ფინალში მოხდეს?“

პასუხი ჩავიმ და ალვეშმა გამცეს: „ჩვენი სტილის ღალატი“. მე კი ვუთხარი: „ყველაზე უარესი „იუვენტუსის“ ფეხბურთელად ყოფნა და „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშია“.

წარმოიდგინეთ, რომ სუარესს, ნეიმარს, მესის, ინიესტას და ბუსკეცს უპირისპირდებით, ტერ შტეგენს გოლი უნდა გაუტანოთ, დაცვაში პიკეს, მასკერანოსა და ალვეშის მიერ აღმართულ კედელს გასცდეთ.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ „იუვენტუსის“ საუბარს ისმენთ, რომელიც ჩვენ გვეხება. ამის შემდეგ, მათ გაეცინათ. ერთმა ღიმილმა მათში ნაპერწკალი გააღვიძა და მატჩის ბედზე გავლენა მოახდინა.

მატჩის ჩანაწერი არ მინახავს, თუმცა ეს იყო სრული სიამოვნება, ისევე როგორც მთელი ის სეზონი“. - განაცხადა ლუის ენრიკემ MD-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის ფინალში „ბარსას“ მხრიდან გოლები რაკიტიჩმა, სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს, „იუვედან“ კი ალვარო მორატა გამოირჩა. ლუის ენრიკეს გუნდმა 2014-2015 წლების სეზონი ტრებლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები