ტაისონი მერვეა, ალი - მეხუთე - ჯორჯ ფორმანის საუკეთესო ათეული
Aa
Aa

ტაისონი მერვეა, ალი - მეხუთე - ჯორჯ ფორმანის საუკეთესო ათეული

ლეგენდარულმა ჯორჯ ფორმანმა ყველა დროის 10 საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე დაასახელა. „დიდი ჯორჯი“ The Sun-ს ესაუბრა და თავისი რჩეულები ასე გადაანაწილა.

„უშუალოდ კრივის გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ჯო ლუისი ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეა. მეორე ადგილზე დაუმარცხებელი როკი მარჩიანოა. მესამე პოზიცია ჯონ ელ სალივანს ეკუთვნის. მეოთხე ჯეკ ჯონსონი გახლავთ, ხოლო მუჰამედ ალი მეხუთეა.

ალი გაცილებით მეტია ვიდრე კრივი და მის შესახებ მხოლოდ კრივის გადმოსახედიდან საუბარი მისი სახელის დაკნინება იქნება. ის უფრო მაღლა იდგა და მისი დამსახურებაა ახლა ბევრი ადამიანი გაცილებით უკეთ რომ ცხოვრობს“.

1 - ჯო ლუისი

მოკრივე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი 1937-დან 1949 წლამდე იყო და ტიტული 25-ჯერ დაიცვა. იგი ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელია, რომელიც აშშ-ის ეროვნული გმირი გახდა. ლუისის ანგარიშზე 385 ბრძოლაში გაფორმებული 334 ნოკაუტია.

2 - როკი მარჩიანო

დღემდე ერთადერთი მძიმეწონოსანი მოკრივე, რომელმაც კარიერა მარცხის გარეშე დაასრულა. მარჩიანომ ტიტული 6-ჯერ დაიცვა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ლეგენდარული მეტოქეები არ დაუმარცხებია, ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ არ მიიჩნევენ.

3 - ჯონ ელ სალივანი

ხელთათმანებით გამართულ კრივში პირველი ჩემპიონი მძიმე წონით დივიზიონში. მე-19 საუკუნეში იგი სუპერვარსკვლავი იყო და კრივის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ნაწილობრივ მისი დამსახურებაა გაზეთებმა კრივისა და სხვა სპორტული მოვლენების გაშუქება რომ დაიწყეს.

4 - ჯეკ ჯონსონი

1908 წელს ჯეკ ჯონსონმა ტომი ბერნსი დაამარცხა და პირველი აფრო-ამერიკელი მოკრივე გახდა, რომელმაც მძიმე წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ჯონსონი პროფესიონალურ დონეზე 1898 წლიდან ჩხუბობდა, მაგრამ კანის ფერის გამო, სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის მიღების უფლებას არ აძლევდნენ. მან რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა და აშშ-ში საკულტო გმირად იქცა.

5 - მუჰამედ ალი

მუჰამედ ალი... უმრავლესობის აზრით, ყველა დროის საუკეთესო მოკრივე. მუჰამედ ალი - ადამიანი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო მოვლენა იყო.

6 - ფლოიდ პატერსონი

პატერსონი 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მაიკ ტაისონის მიღწევამდე რეკორდი სწორედ მას ეკუთვნოდა. პატერსონის მეტსახელი „კრივის ჯენტლმენი“ გახლდათ.

7 - ლენოქს ლუისი

ლენოქს ლუისი არის მოკრივე, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა, ვის წინააღმდეგაც იჩხუბა. ბრიტანელს კარიერაში მხოლოდ ორი მარცხი აქვს. ოლივიერ მაკკოლთან და ჰასიმ რაჰმანთან. ლუისმა რევანშის აღება ორივე მათგანის წინააღმდეგ მოახერხა.

8 - მაიკ ტაისონი

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მძიმე წონით დივიზიონში. 1986 წელს „რკინის მაიკმა“ ტრევორ ბერბიკი, 20 წლის ასაკში დაამარცხა.

9 - ევანდერ ჰოლიფილდი

ევანდერ ჰოლიფილდი პირველი მოკრივე იყო, რომელიც საჩემპიონო ქამარს, როგორც პირველ მძიმე წონაში, ისე მძიმე წონაში ფლობდა. მისი მიღწევა მოგვიანებით დევიდ ჰეიმ გაიმეორა.

10 - ჯეკ დემპსი

დემპსი ჩემპიონი 1919-დან 1926 წლამდე იყო. იგი იმდენად პოპულარული გახლდათ, რომ პირველი მოკრივე გახდა, ვისი ბრძოლის ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები