მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ჩემს წონაში ყველაზე სახიფათო მეტოქეა და რთული სტილი აქვს“ | მერაბმა იანზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილმა UFC On Paramount+-ის იუთუბ-არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ პიოტრ იანთან გამართული ორთაბრძოლები გაიხსენა და მოახლოებულ სატიტულო დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.

„პიოტრ იანი ჩემს წონით დივიზიონში ყველაზე სახიფათო მებრძოლია, განსაკუთრებით ამ მომენტისთვის. ვიცი, რომ რთული მეტოქე მყავს და მძიმე ჩხუბი მელოდება, თუმცა ამჯერად ყველაფერი ჩემი გამარჯვებით დასრულდება.

იანს ყოველთვის პატივს ვცემდი. პირველად, როდესაც მასთან ვიჩხუბე, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ის რუსეთიდანაა, მე — საქართველოდან. როგორც ქართველს, პასუხისმგებლობა მქონდა აღებული, რადგან რუსეთს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. პირადულ ჩხუბად მივიღე და ძალიან ვნერვიულობდი.

ორთაბრძოლამდე ერთი დღით ადრე ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, დამარტყა და ხელი მკრა. სწორედ ამ მომენტში დავრწმუნდი, რომ დავამარცხებდი. რაც შეეხება ბოლო ბრძოლას, არ მინდა ვთქვა, რომ მოდუნებული ვიყავი, თუმცა ჩემს სტილში არ მიჩხუბია. ეს MMA-ია და არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება, ნოკდაუნში აღმოვჩნდე, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ჭკვიანურად ვიჩხუბებ.

ვფიქრობ, ოქტაგონში საკუთარი თავი უნდა ვიყო. არ ვცადო, მოკრივე გავხდე ან რამე მსგავსი. იანს საჩხუბრად რთული სტილი აქვს. მისი პარტერში გადაყვანა ძნელია და არც სტრაიკინგია მარტივი. კარგი კრივი, ფეხით დარტყმები და კარდიო აქვს, მაგრამ ჩემს არსენალშია ინსტრუმენტები, რომლებიც ჯერ არ მიჩვენებია.

გამაკვირვა თუ არა რამემ მეორე ჩხუბში? როდესაც კისერი დავუჭირე, მისი მოხრჩობა ვცადე, არაფერი გამომივიდა. ერთხელ საერთოდ ხელში ამიყვანა და დაბლა დამაგდო. ძალიან ძლიერი კისერი აღმოაჩნდა და გამიკვირდა. სხვა ყველაფერი იგივენაირად იყო და კარგი მებრძოლია.

მეორე ორთაბრძოლის წინ ყველა მეუბნებოდა, მათ შორის მწვრთნელიც, რომ ეს ჩხუბი ჩემი იყო, მას ჩემთვის არაფრის დაპირისპირება არ შეეძლო, იგივე მებრძოლი იყო, მე კი საერთოდ სხვა დონეზე ვიყავი გადასული. ამის გამო ცოტათი გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ხალხი იანს პატივს არ სცემდა.

როდის მივხვდი, რომ მეორე ჩხუბი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა? მეორე რაუნდში თეიქდაუნის შესრულება ვცადე, მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ მან თავი დაიცვა და ამ 10 წამში მთელი ენერგია გამომეცალა. საკუთარ თავს ვუთხარი, ახლა რა ვქნა-მეთქი. ჩავთვალე, რომ თეიქდაუნის შესრულება არ შემეძლო და გადავწყვიტე, კარგი ჩხუბი მეჩვენებინა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას UFC 333-ზე ვიხილავთ. მერაბი ჩხუბს მცირე აუტსაიდერის სტატუსით ხვდება და საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსს 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შენი დრო მოვიდა“ - თანზილოვმა როსასი გამოიწვია
    „შენი დრო მოვიდა“ - თანზილოვმა როსასი გამოიწვია