Aa
Aa

„ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია" - საკრამენტოს კომენტატორს რასიზმში ადანაშაულებენ

„საკრამენტო კინგზის“ კომენტატორი, გრანტ ნეიპირი NBC Sports California-მ ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. მიზეზი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან და მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“-სთან მიმართებით გაკეთებული განცხადებაა.

„საკრამენტოს“ ყოფილმა ცენტრმა, დემარკუს კაზინსმა ნეიპირს სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან და ზემოთ ხსენებულ მოძრაობასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება სთხოვა. 60 წლის კომენტატორმა კი, განაცხადა, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რასაც ინტერნეტსივრცეში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

„კინგზის“ ყოფილმა კალათბურთელებმა მეტ ბარნსმა და რის უებერმა ნეიპერს ბრალი რასისტობაში დასდეს, ხოლო NBC Sports California-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გრანტის მიერ „ტვიტერზე“ გაკეთებული კომენტარები მათ იდეოლოგიასა და ხედვებს არ ასახავს.

ადმინისტრაციული შვებულების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ნეიპირმა ბოდიში მოიხადა და Sacramento Bee-ს ჟურნალისტთან, მარკოს ბრეტონთან საუბრისას აღნიშნა: „მეგონა, რომ მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“-სთან დაკავშირებით საკმარისი ცოდნა მქონდა, მაგრამ შევცდი. არ ვიცოდი, რომ „ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ ეწინააღმდეგება იმას, რის მიღწევასაც „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ ცდილობს“.

ნეიპირი „საკრამენტო კინგზში“ 1988 წლიდან მუშაობს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას რასიზმში ადანაშაულებენ. 2014 წელს მან მხარდაჭერა „კლიპერსის“ ყოფილ მფლობელს, დონალდ სტერლინგს გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები