Aa
Aa

"ამას თვალახვეულიც გავიმეორებდი", - ბერგკამპმა კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა დენის ბერგკამპმა თავის კარიერაში საუკეთესო გოლი დაასახელა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად „ნიუკასლის“ კარში გატანილი შედევრი მან არ გამოარჩია.

ბერგკამპი Sportsmail-ის გადაცემაში თავის ყოფილ თანაგუნდელს მარტინ კეონს გაესაუბრა და მის კითხვებს უპასუხა. ონლაინჩართვაში ასევე ალან შირერი და იან რაიტიც იმყოფებოდნენ.

„ამ გოლის შემდეგ, ბევრი ესემესი მივიღე. ძირითადად მეკითხებოდნენ - „მართლა ამის გაკეთებას აპირებდი?“

ეს იყო მცირე მოძრაობათა თანმიმდევრობა, რომელიც გადაცემის შემდეგ დაიწყო. არ შეიძლება ამას გამართლება ვუწოდოთ. ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მოხდა“, - ამბობს ბერგკამპი „ნიუკასლთან“ გატანილ გოლზე.

იან რაიტი და ალან შირერი თვლიან, რომ ბერგკამპის გოლი „ნიუკასლის“ კარში, პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა თავად ნიდერლანდელი ასე არ ფიქრობს.

„1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში არგენტინის წინააღმდეგ გატანილი გოლი ჩემთვის განსაკუთრებულია. ეს იყო საათების მუშაობის შედეგი, ბურთის კონტროლი, შესრულება, ფეხების მოძრაობა, ბალანსი.

ბურთის ჩემ ფეხებში მოძებნა არ მჭირდებოდა. ვიცოდი, რომ ის იქ იქნებოდა. ამას თვალახვეულიც გავიმეორებდი“.


1998 წლის მუნდიალზე ბერგკამპის შედევრი ორმაგად მნიშვნელოვანი და ლეგენდარული იყო. მეოთხედფინალური მატჩი მე-12 წუთზე პატრიკ კლუივერტის გოლით გაიხსნა, მე-17 წუთზე კლაუდიო ლოპესმა წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ბევრი დამატებით დროს ელოდა...

ბერგკამპმა დე ბურის გადაცემის შემდეგ, 89-ე წუთზე შეხვედრას წერტილი ულამაზეს სტილში დაუსვა. გოლის დროს მისი ემოცია ყველაფერზე მეტყველებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები