Aa Aa
28 მაისი 2020  |  17:07

საბა ლობჯანიძე-"ეროვნულ ნაკრებში თამაში ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა"

პანდემიის გამო ნაადრევად დასრულებული სუპერლიგის სეზონის შემდეგ, გუნდები ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან, მართალია მწვრთნელ-მოთამაშეებს ჯერ სრულფასოვანი სამზადისი არ დაუწყიათ, მაგრამ გუნდის მენეჯერებმა ახალი სეზონისთვის ზრუნვა აქედანვე დაიწყეს და სასურველი მოთამაშეების დამატებასაც შეუდგნენ.

თსუ საქართველოს ნაკრების უკანახაზელით, 26 წლის საბა ლობჯანიძით გაძლიერდა, რომელმაც ბოლო სეზონი "რუსთავში" ითამაშა და საშუალოდ 8 ქულას, 2 პასს და 2.2 მოხსნას აგროვებდა.

საბა, ილიას ზუროსმა ნაკრებში თებერვლის მატჩების დროს გამოიძახა და მისი თსუ-ს მთავარ მწვრთნელს, ლექსო ლაფანაშვილსაც ეიმედება, რადგან მასთან ერთად წინა სეზონშიც იმუშავა და "დელტაში" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

საბა ლობჯანიძემ თსუ-ში გადასვლის მიზეზებზე და საქართველოს ნაკრებზე ასეთი კომენტარი გააკეთა.

საბა ლობჯანიძე: "პანდემიის დროს როგორც ყველა მეც ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი - სახლში და პერიოდულად პარკში, სადაც დავრბოდი და სხვადასხვა ვარჯიშებს ვასრულებდი, რომ ფორმიდან მთლიანად არ ამოვვარდილიყავი. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში სასურველი კონდიციების შენარჩუნება რთულია, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. შეწყვეტილი სეზონის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არჩევანი თსუ-ზე შევაჩერე. გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მივიღე. თსუ შეწყევეტილ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და მჯერა ასე იქნება ახალ სეზონშიც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მეგობრული გარემოა და ეს წარმატების მოსაპოვებლად აუციებელი ფაქტორია. ასევე გასათვალისწინებელია მწვრთნელების ფაქტორი - ლექსო ლაფანაშვილი კარგი სპეციალისტია, მასთან ერთად მიმუშავია, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. არ დაგვავიწყდეს ფიზმომზადების მწვრთნელი ივიკო ერგემლიძე, რომელიც თავისი საქმის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა და ეს თსუ-ს თამაშზეც კარგად აისახა განვლილ სეზონში. ასე რომ, როდესაც თსუ-ს ხელმძღვანელობამ კონტრაქტი შემომთავაზა ბევრი აღარ მიფიქრია, თანამშრომლობას დავთანხმდი. იცით რომ წელს ვითამაშე საქართველოს ნაკრებშიც, ეს კი ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. მადლობა მინდა ვუთხრა ილიას ზუროსს ნდობისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ჩემი ახალი გუნდი ზრდაში და განვითარებაში კიდევ უფრო დამეხმარება, ეს კი საშუალებას მომცემს საქართველოს ნაკრებს კიდევ გამოვადგე. მიხარია, რომ საამისოდ თსუ-ში ყველანაირ პირობას ვხედავ და ახალი სეზონის დაწყებას დიდი იმედებით ველოდები"

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება