მეტრეველი:
Aa
Aa
25 მაისი 2020  |  11:38

მეტრეველი: "ვიცოდი, რომ უთანხმოება ჰქონდათ... ეს ნიკას კარიერაზე ცუდად აისახება"

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე მეტრეველი ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, - ვკითხულობთ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე მეტრეველი. მისი თქმით, ბასილაშვილს საკითხზე, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია იმსჯელებს, თუმცა, როდის, უცნობია.

„რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ადამიანი, მეც და სხვაც, ძალადობას გმობს და იმედს ვიტოვებ, ეს არ დადასტურდება. ნიკა იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, ეს ამბავი მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო.

იგი 3 დღის წინ ვნახე, როცა კორტებზე იყო მოსული, ამბავი 24 მაისს გახმაურდა, თუმცა მე წინა დღეს უკვე საქმის კურსში ვიყავი. რაც შეეხება მის ოჯახურ პრობლემებს, ვიცოდი, რომ გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა მაქვს და დეტალებში არ ჩავღრმავებივარ. რა თქმა უნდა, არ ვიცი თუ იგი ყოფილ ცოლს აქამდე თანხას უხდიდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დაძაბულობა არსებობდა.

ბუნებრივია, ამ საკითხზე კომუნიკაცია ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან მოგვიწევს, თუმცა არ მგონია, სწორი იყოს მათ ჩვენ მივმართოთ. იმდენად გახმაურებული ამბავია, ეჭვიც არ მეპარება, საკითხს მოიკითხავენ. არც მინდა რამე ვივარაუდო, ჯერჯერობით არანაირ სანქციებზე საუბარი არ არის, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. მთავარია, ჭეშმარიტება დადგინდეს და შემდეგ რა იქნება, დრო გვიჩვენებს. რომც არ დადასტურდეს ფაქტი, ან დადასტურდეს, თვითონ ეს ამბები ბასილაშვილის კარიერაზე დადებით გავლენას რომ არ მოახდენს, ცხადია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური სტრესია. ადამიანი რამდენიმე დღე დაკავებული იყო, განხილვის საგანი გახდა და როგორ შეიძლება ამან მასზე დადებითად იმოქმედოს“?!

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა. 24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები