Aa
Aa

"ვერ ვიჯერებ, რომ მას გაროსზე მოვუგე" - სოდერლინგი ნადალის სტაბილურობით აღფრთოვანებულია

ვეტერანი შვედი ჩოგბურთელი, რობინ სოდერლინგი რაფაელ ნადალის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, გასაოცარია, რომ ამდენი წლის განმავლობაში რაფა თიხაზე მსგავსი სტაბილურობით ასპარეზობს.

„ივნისში ჩატარდება თუ სექტემბერში, წლევანდელი „როლან გაროსი“ განსხვავებული იქნება, მაგრამ თუკი ჯანმრთელობამ ხელი არ შეუშალა, ფავორიტი მაინც რაფაა. ტიმს და ჯოკოვიჩს მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, თუმცა მთავარი ფავორიტი ამით არ იცვლება.

მან „როლან გაროსი“ პირველად 2005 წელს მოიგო და 15 წლის შემდეგაც ფავორიტია, ეს ბრწყინვალეა და ნათლად მიუთითებს, როგორი სტაბილური ჩოგბურთელია. სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიჯერებ, რომ იგი 11 წლის წინ ამ ტურნირზე დავამარცხე.

თუკი იძულებითი პაუზა ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა, ეს პერიოდი რაფასა და როჯერს ძალების აღდგენაში დაეხმარებათ, ეს კი მათი კარიერის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს. მე ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში რაფას უფრო მეტი დიდი სლემის ტიტულის მოგება შეუძლია ვიდრე როჯერს“.

15 წლის განმავლობაში ნადალს „როლან გაროსზე“ მხოლოდ 2 წაგება აქვს. პირველად იგი 2009 წელს სწორედ სოდერლინგმა დაამარცხა, 2015 წელს კი იგივე ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააკეთა, ხსენებულ წლებში ტიტული ფედერერსა და ვავრინკას დარჩათ.

თავად სოდერლინგმა პროფესიონალურ კარიერაში 10 ტიტული მოიგო, 2009 და 2010 წლებში კი იმავე „როლან გაროსის“ ფინალში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები