„სამწუხაროა, რომ მსოფლიოზე არ იყო“ - CBS Sports-ის ექსპერტები ხვიჩას აქებენ
ამერიკული CBS Sports-ის ეთერში პსჟ-ასტონ ვილას მატჩის შემდეგ არხის ექსპერტებმა, ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ნაიჯელ რეო-კოკერმა და ყოფილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა, მაიკ გრელამ პარიზული კლუბის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.
რეო-კოკერი:
„კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი ვარ. სამწუხაროა, რომ მისი ნიჭი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილეთ. თუმცა სეზონი იწყება, მან სხვებზე მეტი დაისვენა და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ სეზონისთვის მზადების ეტაპია. ვფიქრობ, მას კიდევ შეუძლია მომატება, რაც წარმოუდგენლად ჟღერს იმის გათვალისწინებით, რა ნიჭსაც ახლა ვხედავთ“.
გრელა:
„ორივე ფეხით თამაშობს, ამიტომ შეუძლია როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ შესვლა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ მხარეს მიდის, კვარაცხელია კი ბურთთან ერთად არაპროგნოზირებადია. როცა რთულ სიტუაციაში ხვდება, შეუძლია პასის გაკეთება და სხვებისთვის სივრცის შექმნა.
ჩემი აზრით, კვარაცხელიამ კიდევ უფრო მოუმატა, საკუთარ ნახევარზე მისი თამაში კი ყველასათვის სამაგალითოა. ბევრი ფეხბურთელი ფიქრობს - „ორი-სამი გოლი გავიტანე, ჩემი საქმე შევასრულე“. კვარაცხელია მოედნის ორივე ნახევარზე მუშაობს. მას ესმის, რას ნიშნავს ჩემპიონობა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უკვე 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი დაუგროვდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ შემდეგ მატჩს უკვე საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გამართავს. ენრიკეს გუნდის მოწინააღმდეგე 16 აგვისტოს „ლანსი“ იქნება.