Aa
Aa

"ის ორი მატჩი უნიკალურია" - ჯოკოვიჩმა კარიერის საუკეთესო თამაშები დაასახელა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ორი საუკეთესო მატჩი დაასახელა და მათ შესახებ მოკლედ „ინსტაგრამ live“-ში ისაუბრა.

„ეს ორი შეხვედრა მართლაც უნიკალურია - 2012 წლის ავსტრიალიის ღია პირველობის ფინალი რაფას წინააღმდეგ და გასული წლის უიმბლდონის ფინალი როჯერთან. მატჩები, რომლებშიც ყველაფერი მოხდა, რაც ჩვენი სპორტის გულშემატკივრებს უყვართ.

ტექნიკური თვალსაზრისით, როჯერის თამაშის ხარისხი პირველიდან ბოლო გათამაშებამდე შესანიშნავი იყო და ამაზე მატჩის სტატისტიკაც მეტყველებს. მე კი გადამწყვეტ მომენტებში კარგად ვითამაშე და 3 ტაიბრეიკი მოვიგე, რაც მგონი, ჩემს კარიერაში პირველად მოხდა.

ჩოგბურთელის კარიერის განმავლობაში ასეთ მატჩში მონაწილეობა ერთხელ ან ორჯერ თუ უწევს და მე მადლიერი ვარ, რომ მსგავსი შეხვედრის ჩატარება ისეთი მოთამაშის წინააღმდეგ მომიწია, როგორიც როჯერია, თანაც ისეთ პრესტიჟულ ადგილას, როგორიც უიმბლდონის ცენტრალური კორტია“.

ჯოკოვიჩმა ხსენებული შეხვედრა 4 საათსა და 58 წუთში - 7:6; 1:6; 7:6; 4:6; 13:12 მოიგო და უიმბლდონის ჩემპიონობა კარიერაში მეხუთედ იზეიმა. სერბის აქტივში დიდი სლემის 17 ტიტულია და იგი მხოლოდ 19-სლემიან ნადალსა და 20-სლემიან ფედერერს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები