ლემანის იდეა და პოზიცია: ''ფეხბურთის თამაში უნდა დავიწყოთ, რომ ეკონომიკურად გადავრჩეთ''
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი გერმანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ბუნდესლიგამ ქომაგებს სტადიონზე დასწრების უფლება უნდა მისცეს, თუმცა დამსწრე საზოგადოებამ ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
პროფესიით ეკონომისტი ლემანი, რომელსაც ''შალკეში,'' ''მილანში,'' ''დორტმუნდში,'' ლონდონის ''არსენალსა'' და ''შტუტგარტში'' უთამაშია, ცნობილ გერმანულ გამოცემას, Bild-ს ესაუბრა.
''არასდროს მომისმენია საფუძვლიანი საწინააღმდეგო არგუმენტი. თუ სტადიონზე ქომაგს ყოველ მეოთხე სკამზე დაჯდომის უფლებას მივცემთ, რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. ვინც აღნიშნულ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, სტადიონიდან გააძევებენ და შემდეგ შეხვედრებზე დასწრების უფლებას არ მისცემენ.
ვფიქრობ ბუნდესლიგის პრეზიდენტის განცხადება მართებულია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფეხბურთის თამაში, რომ ეკონომიკურად გადავრჩეთ.
არსებული ვითარება გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა სექტორზე, მათ შორის ბუნდესლიგაზე.''
ლონდონის ''არსენალის'' ყოფილ მეკარეს მარტში კორონავირუსი დაუდგინდა. ვეტერანმა სპორტსმენმა პირად გამოცდილებაზე ისაუბრა: ''კორონავირუსი მარტის შუა რიცხვებში მას შემდეგ დამიდგინდა, როცა დღენახევრის განმავლობაში მახველებდა და დაბალი სიცხე მქონდა. ორკვირიანი კარანტინის დასრულების შემდეგ კორონავირუსისგან განვიკურნე. ის გრიპზე უფრო ადვილი გადასატანი აღმოჩნდა, თუმცა ცხადია კორონავირუსი რისკის შემცველია და ყურადღებით უნდა ვიყოთ.''
2017-18 წლებში ლემანი ლონდონის ''არსენალში'' არსენ ვენგერის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული ყოფილი მეკარე ''აუგსბურგის'' მთავარი მწვრთნელის, მანუელ ბაუმის ასისტენტია და პარალელურად კლუბის 15-წლამდე ასაკობრივ გუნდს წვრთნის.