იურაი იარაბეკი:
Aa
Aa

იურაი იარაბეკი: "მეტოქეს შემტევ ფეხბურთს შევთავაზებთ"

"ჩემპიონთა ლიგის" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, რომელსაც თბილისის "დინამო" ზაგრებელ სეხნიასთან გამართავს, ჩვენების მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

- "ხვალ ჩვენი გულშემატკივრისათვის დღესასწაულია. გვაქვს შანსი, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირველ თამაშში ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 ბურთი მივიღეთ".

- "კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ მათ გარეშე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. ასე რომ, მათგან მხარდაჭერასა და დიდ დახმარებას ველი". 

- "ზაგრებში ჩვენი მიზანი გოლის არ გაშვება იყო, თუმცა ეს ვერ შევძელით. მიუხედავად ამისა, ხორვატიაში არაფერი გადაწყვეტილა და შეცდომების გამოსწორების საშუალება ხვალ გვექნება". 

- "იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ეს პირველ შეხვედრაში იყო. სხვა გზა აღარ დაგვრჩა, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ "დინამო" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ეცდება, გოლი საწყის წუთებში გაიტანოს". 

- "გუნდში საბრძოლო განწყობაა. მეტოქე ძლიერია და ეს ვიცით, თუმცა ჩვენც გვაქვს კოზირები, რომელსაც ხვალ გამოვიყენებთ". - დასძინა იარაბეკმა. 

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის "მაქსიმირზე" გამართული პირველი მატჩი, მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

დღევანდელი დაპირისპირება "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. 

თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. გუშინ საღამოს მონაცემებით, გაყიდული მხოლოდ 8 ათასი ბილეთი იყო. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები